ე.წ. პოლიციის რეიდები

გუშინ, გვიან ღამით, თბილისის ქუჩებში ე.წ. პოლიციის რეიდები მიმდინარეობდა

გუშინ, გვიან ღამით, თბილისის ქუჩებში, ე.წ. პოლიციის რეიდები მიმდინარეობდა. თავდაპირველად ინფორმაცია ამის შესახებ ფეისბუქზე გავრცელდა, სადაც ადამიანები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ პოლიციის მოქმედებების გამო.

სამართალდამცველთა ჯგუფები თბილისის ქუჩებში მთელი ღამის განმავლობაში მოძრაობდნენ. ისინი სხვადასხვა ადგილას ჯგუფურად გადაადგილდებოდნენ. მოქალაქეთა ნაწილს ჩხრეკის შემდეგ ათვისუფლებდნენ, ნაწილი კი დიღმის სამმართველოს ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტში გადაჰყავდათ. შენობასთან რამდენიმე ათეული ადამიანი იყო შეკრებილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ პოლიციას აღნიშნული ქმედების სრული უფლება აქვს. ისინი არ ხსნიან რეიდების მიზეზს და მხოლოდ პოლიციის კანონზე მიუთითებენ. კერძოდ, 22-ე და 24-ე მუხლებზე.

პოლიციის შესახებ კანონის 22-ე მუხლი:

პოლიციელი უფლებამოსილია პრევენციული ღონისძიების განხორციელების ფარგლებში ზედაპირული შემოწმების მიზნით შეაჩეროს პირი, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირს თან აქვს ნივთი, რომლის გადატანა შეზღუდულია ან რომელიც საფრთხეს უქმნის მის ან სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;

პოლიციის შესახებ კანონის 24-ე მუხლი:

პირის, ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების სპეციალური საპოლიციო კონტროლი ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სხვა სამართალდარღვევა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ განმარტავს, არსებობდა თუ არა კანონში გაწერილი გარემოებები და საკმარისი საფუძველი მასობრივი რეიდისთვის.

აღსანიშნავია, რომ რეიდი დაემთხვა საზოგადოებაში არსებულ უკმაყოფილებას კრიმინალის მატებასთან დაკავშირებით, რასაც სამინისტრო არ ეთანხმება და ამბობს, რომ კრიმინალი არ გაზრდილა.

დღეს კითხვაზე - არის თუ არა პოლიციის მოქმედებები დაკავშირებული კრიმინალური ვითარების გამწვავებასთან, სამინისტრომ ტაბულას პასუხი არ გასცა და მხოლოდ პოლიციის შესახებ კანონზე მიუთითა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი რეიდი თბილისში ერთი წლის წინაც ჩატარდა - პოლიცია აჩერებდა მანქანებსაც და ჩხრეკდა ფეხით მოსიარულე მოქალაქეებსაც. მაშინ უწყებაში ამბობდნენ, რომ პოლიცია მოსახლეობის უსაფრთხოებაზე 24-საათიან რეჟიმში ზრუნავს, პრევენციულ ღონისძიებებს კანონის სრული დაცვით ატარებს.

გასულ წელს ჩატარებული რეიდების გამო შეშფოთება არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოთქვეს. მათ სპეციალური განცხადება გაავრცელეს, სადაც პოლიციელისა და მოქალაქის უფლება-მოვალეობები დეტალურად იყო განმარტებული.

კომენტარები