სქესობრივი განათლება

სპეციალისტები სკოლაში სქესობრივი განათლების აუცილებლობაზე საუბრობენ

ბიოლოგიის მასწავლებლის მიერ გამოტოვებული რამდენიმე თავი, უხერხული და ხშირად სასაცილო კითხვები სხვადასხვა ფორუმზე, ნაადრევი ქორწინება და არასრულწლოვანი დედები - ამ ყველაფრის მიზეზი ხშირად სქესობრივი განათლების არ არსებობაა.

ფსიქოლოგები, განათლების სპეციალისტები და სექსოლოგები მრავალი წელია საუბრობენ მოზარდებში სქესობრივი განათლების აუცილებლობაზე. მეტიც, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სკოლებში ფორმალური ან არაფორმალური სწავლება საქართველოს სახალხო დამცველის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა. 2015 წელს 500-ზე მეტმა არასრულწლოვანმა გოგონამ მიატოვა განათლების მიღება ადრეულ ასაკში ქორწინების გამო, 2014 წელს 1500-ზე მეტი არასრულწლოვანი დედა დარეგისტრირდა. ომბუდსმენის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, მონაცემები საშიშ ტენდენციაზე მიუთითებს, პრობლემა მასშტაბურია, მასთან ბრძოლის ღონისძიებები კი სუსტი.

ბავშვთა ფსიქოლოგი, მაია ცირამუა ტაბულასთან განმარტავს, რომ მოზარდობის ასაკში ხდება ჰორმონალური აფეთქება, ადამიანი პიროვნული და სქესობრივი ძიების ეტაპზეა და კონკრეტული ემოციები მისთვის უცხო რომ არ იყოს, უნდა იცოდეს რა იწვევს ამას. მაია ცირამუა მიიჩნევს, რომ სქესობრივი განათლება არის ნაადრევი ქორწინების, ძალადობრივი კავშირების პრევენცია. მისი თქმით, მცდარია საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრება იმის თაობაზე, რომ   ამ ტიპის განათლება ნაადრევ ასაკში სექსუალური კავშირების რაოდენობას გაზრდის. მაია ცირამუა ამბობს, რომ პირიქით, განათლება მოჭარბებული სექსულური ემოციების სწორად მართვას შეუწყობს ხელს.

სექსოლოგი ზურაბ მარშანია მიიჩნევს, რომ სქესობრივ განათლების არ არსებობა უმძიმესი დარღვევის მიზეზი შეიძლება გახდეს. მისი თქმით, არასწორი წარმოდგენები პირველი სექსუალური კავშირის შესახებ, აქტის შიში და ა.შ., სხვადასხვა გართულებას, მათ შორის სექსუალურ დისფუნქციებს იწვევს. ასევე, დიდია გადამდები დაავადებების გავრცელების რისკი. მარშანია მიიჩნევს, რომ სქესობრივი განათლება არამხოლოდ სკოლაში, უნივერსიტეტშიც უნდა იყოს.

მხიარული საუბრები ჰიგიენის, სექსისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ - ასე ჰქვია მოზარდებისთვის განკუთვნილ წიგნს, რომელიც გამომცემლობა დიოგენემ 1998 და 2003 წელს გამოსცა. წიგნის თანაავტორი და დიოგენეს დირექტორი, თამარ ლებანიძე იხსენებს, რომ მეორედ გამოცემის შემდეგ იყო გამომცემლობის ოფისში შევარდნის, ასევე სტენდის დარბევის მცდელობა, დაწვეს აბრა. თუმცა, ავტორისთვის ყველაზე მძიმე  წიგნის დაწვის კადრები იყო. თამარ ლებანიძის თქმით, ამ წიგნის მომზადების მთავარი მოტივი მისი თინეიჯერი შვილები იყვნენ, რადგან ჩათვალა, რომ ამ ფორმით უფრო გაუმარტივდებოდა მათთვის იმ ცვლილებების შესახებ საუბარი, რომელიც ადამიანის ორგანიზმში მოზარდობისას ხდება.

კიდევ ერთი წიგნი, რომელმაც საზოგადოების ნაწილში აგრესია გამოიწვია, ქართულად ნათარგმნი სიყვარულის ანაბანაა. ტაბულამ მისი გადაღება წიგნის მხოლოდ ერთ მაღაზიაში, იდენტიფიცირების არ მოხდენის პირობით შეძლო. სიყვარულის ანაბანა 2005 წელს გამოვიდა და დიოგენეს გამოცემის მსგავსად, კლასგარეშე ლიტერატურას მიეკუთვნება.

განიხილება თუ არა სკოლაში სქესობრივი განათლების დანერგვა - ამ კითხვით დღეს ტაბულამ განათლების მინისტრს მიმართა. თამარ სანიკიძის ინფორმაციით, უახლოესი ორი წლის განმავლობაში მსგავსი საგანის სწავლება არ იგეგმება.

ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც სპეციალისტები ამ დრომდე ვერ ჩამოყალიბდნენ, არის მოზარდებისთვის ინფორმციის მიწოდების ფორმა და შესაბამისი სპეციალისტები.

სკოლებში სქესობრივი განათლებაზე ოფიციალური საუბარი არც ერთი ხელისულების დროს არ ყოფილა. აღსანიშნავია, რომ სქესობრივ განათლებას სკოლაში იღებენ როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში.

კომენტარები