ფოკუსი

16 თებერვალი,2016

- საქართველოს პრემიერმინისტრი საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა. ოფიციალური ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის მთავარი თემა საგადასახადო რეფორმა იყო. ცნობილია, რომ საუბარი შეეხებოდა ეროვნული ვალუტის კურსსაც. როგორც შეხვედრის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ფინანსთა მინისტრის  პროგნოზი ლარის კურსის მოსალოდნელ გამყარებასთან დაკავშირებით რამდენიმე ფაქტორს ეყრდნობოდა.

- საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2004 წელს ტელეკომპანია იბერიის დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის ფაქტზე ბრალი ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილსა და მის პირველ მოადგილე გიორგი ლაცაბიძეს წარუდგინა. საგამოძიებო უწყება მათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, 2004 წლის იანვარში, ახლადარჩეული ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის - როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული - გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა გადაწყვიტეს ხელში ჩაეგდოთ „ომეგა ჯგუფის" კუთვნილი ტელეკომპანია „იბერია ტვ"-ს სამაუწყებლო ლიცენზია და ამ მიზნით, შეიმუშავეს დანაშაულებრივი გეგმა, რომელსაც გენერალური პროკურორი და მისი მოადგილე ახორციელებდნენ.
აღსანიშნავია, რომ 2004 წლის იანვარში, ანუ მაშინ, როცა პროკურატურის მტკიცებით, იბერიის „ხელში ჩაგდების“ გეგმას სათავეში მთავარი პროკურორი ზურაბ ადეიშვილი ჩაუდგა, ადეიშვილი მთავარი პროკურორი საერთოდ არ იყო.

- ჰუმანითი ჯორჯიამ საქართველოს ფარმაცევტულ ქსელებთან ხელშეკრულება გააფორმა და სხვალიდან მომხმარებელს ყველა მსხვილ სააფთიაქო ქსელში შეეძლება კარდიოლოგიური ჯგუფის მედიკამენტების დაბალ ფასად შეძენა.

ფარმაცევტული კომპანიები, რომლებიც ბაზარზე ჰუმანითი ჯორჯიას შემოსვლას სკეპტიკურად უყურებდნენ, დღეს ამბობენ, რომ ამას მიესალმებიან. ამასთან, მათ არ აქვთ  პასუხი კითხვაზე, რატომ დააფინანსა სახელმწიფოს კუთვნილმა საპარტნიორო ფონდმა 2015 წელს დაფუძნებული კომპანია, როცა ქართულ ბაზარზე რამდენიმე ბევრად გამოცდილი ფარმაცევტული კომპანია არსებობს. კიდევ ერთი კითხვა, რომელიც დღევანდელი პრესკონფერენციის შემდეგ დაისვა, ჰუმანითი ჯორჯიასთან ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებული მილიარდერის, ალექსანდრე მაშკევიჩის კავშირს ეხებოდა. საგანელიძე ამბობს, რომ კომპანია მაშკევიჩის პირდაპირი პროექტია, თუმცა  ივანიშვილის ბიზნესინტერესებს გამორიცხავს.

კომენტარები