უკრაინა

პოროშენკომ იაცენიუკსა და შოკინს გადადგომისკენ მოუწოდა

RADA.GOV.UA

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ პრემიერმინისტრ არსენი იაცენიუკსა და გენერალურ პროკურორს ვიქტორ შოკინს გადადგომისკენ მოუწოდა.

პოროშენკომ აღნიშნა გენერალური პროკურორი შოკინის მნიშვნელოვანი მიღწევები, თუმცა იქვე დაამატა, რომ უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ვერ მოიპოვა ხალხის ნდობა და სწორედ ამ მიზეზით დადგა გენერალური პროკურორის გადადგომის საკითხი.

მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით, მან განაცხადა, რომ უამრავი შეცდომაა დაშვებული, ამიტომ აუცილებელია სრული განახლება.

"მინისტრთა კაბინეტმა უამრავი რამ გააკეთა ქვეყნის გადარჩენის, ეკონომიკური სიტუაციის სტაბილიზაციისა და რეფორმების დაწყებისთვის, მაგრამ საზოგადოებამ ცალსახად გადაწყვიტა, რომ შეცდომები უფრო მეტია, ვიდრე მიღწევები და უარი თქვა მინისტრებისადმი ნდობაზე" - თქვა პოროშენკომ.

პეტრო პოროშენკოს თქმით, მინისტრთა ახალი კაბინეტის ფორმირება უნდა მოხდეს არსებული კოალიციის საფუძველზე და ამ პროცესში მონაწილეობა უნდა მიიღოს კოალიციის ყველა ფრაქციამ.

გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პარლამენტის დათხოვნის უფლებით მხოლოდ და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ისარგებლებს.

კომენტარები