ფოკუსი

12 თებერვალი,2016

-ციხისძირის სანერგე მეურნეობაზე, სადაც მოქალაქეები სამი ხის შეკვეთილში გადატანას აპროტესტებდნენ, პოლიციიასა და აქციის მონაწილეებს შორის კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დაკავებულია ორი პირი, რაც პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. დაკავებულები ამ წუთებში ჩაქვის პოლციის დეპარტამენტში იმყოფებიან.
შეკვეთილში ხეების გადატანის მოწინააღმდეგეთა მეორე ნაწილს, ნაციონალური მოძრაობისა და პარტიზანი მებაღეების ნაწილს კი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეხვდა. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო

- საპარტნიორო ფონდმა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს 102 ავტომობილი აჩუქა. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ამბობს, რომ უსაფრთხოების სამსახურისათვის ავტომობილების გადაცემის მიზეზი ტერორიზმის გაზრდილი საფრთხე გახდა. კონკრეტულად რას გულისხმობდა ტერორიზმის გაზრდილ საფრთხეზე საუბრისას კალაძეს დღეს არ დაუკონკრეტებია.

- პრეზიდენტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნის მიუხედავად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი გაგრძელდა. დღევანდელი კენჭისყრის შედეგად, 30 ვაკანტურ ადგილზე 22 მოსამართლე გამწესდა, 8 ადგილი კი კვლავ ვაკანტური დარჩა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა არასამთავრობო სექტორი. ორგანიზაციები მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტების შესაძლო გამჟღავნებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვენ.

კომენტარები