რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა

ჯაჭვლიანი: რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტი დასახვეწია

იბერია

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილის სოსო ჯაჭვლიანის განმარტებით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტს დახვეწა სჭირდება. ჯაჭვლიანი პარლამენტის ბიუროსადმი გაგზავნილ ცნობაში აღნიშნავს, რომ "საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია დამატებითი კონსულტაციების გამართვა კანონის პროექტის შემდგომი დახვეწისთვის, რაც გარკვეულ დროს საჭიროებს". დეპუტატის განმარტებით, "იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პარლამენტს კანონპროექტი პირველი მოსმენით ჯერ არ განუხილავს და მიუღია, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 147-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, მსურს, უკან გამოვითხოვო ჩემ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი".

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი, რომ საქართველოს პარლამენტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტს აღარ განიხილავს. კანონპროექტი ინიციატორმა, სოსო ჯაჭვლიანმა გაითხოვა. პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, პარლამენტი წყვეტს ამ საკითხზე მსჯელობას. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს მხარი უკვე დაუჭირეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში. 

სოსო ჯაჭვლიანის ინიციატივით მომზადებულ კანონპროექტს აკრიტიკებდა არაერთი არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაცია. Amnesty International საკანონმდებლო ორგანოს პირდაპირ მოუწოდებდა, კანონი არ მიეღო.

აღსანიშნავია, რომ განცხადება საქართველოს საპატრიარქომაც გაავრცელა და კანონპროექტთან კავშირი უარყო.

კანონპროექტის თანახმად, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა 300-ლარიან დაჯარიმებას გამოიწვევდა, ხოლო განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 600 ლარი იქნებოდა.

კომენტარები