საგზაო უსაფრთხოება

RS: გვაცნობეთ, თუკი ჩვენმა ავტომობილმა საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს მათი კუთვნილი ავტომობილიების მიერ, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურს აცნობონ. სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო დროს მათი სამსახურებრივი ავტომობილების მიერ, რომელთა სანომრე ნიშნებია RS … GE საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევები გახშირდა.

"გადაწყვეტილების მიღება განაპირობა ბოლო დროს გახშირებულმა შეტყობინებებმა შემოსავლების სამსახურის სამსახურებრივი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შესახებ. სამსახურებრივი ტრანსპორტის მძღოლების ამგვარი ქმედება, ერთი მხრივ, უარყოფითად აისახება სამსახურის რეპუტაციაზე, მეორე მხრივ კი საფრთხის ქვეშ აყენებს როგორც მოქალაქეების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას, ასევე სახელმწიფო ქონებას. ამის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მკაცრად გააფრთხილა მძღოლები, რომ ავტოსატრასპორტო საშუალებით მოძრაობის წესების დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში სამსახურის ხელმძღვანელობის მხრიდან მოხდება შესაბამისი რეაგირება. 
ამასთან, შემოსავლების სამსახური თხოვნით მიმართავს მოსახლეობას, სპეციალური სანომრე ნიშნებით (RS… GE) მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მიერ გზებზე მოძრაობის წესების დარღვევის შემჩნევის შემთხვევაში, აცნობონ შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტს შემდეგ სატელეფონო ნომრებზე: 2 261160 ან 2 261119." - წერია სამსახურის განცხადებაში.

შემოსავლების სამსახური ქვეყანაში საბაჟო და საგადასახადო ადმინისტრირების ორგანოა, იგი ფინანსთა სამინისტროს ეკუთვნის. სამსახურის უფროსი ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილია.

 

კომენტარები