მედია საქართველოში

ეკა მიშველაძე საზოგადოებრივ მაუწყებელთან დავას სასამართლოში გააგრძელებს

ეკა მიშველაძე

ჟურნალისტი ეკა მიშველაძე საზოგადოებრივ მაუწყებელთან დავას სასამართლოში გააგრძელებს. მიშველაძე თვლის, რომ ხელშეკრულება ტელეკომპანიამ უკანონოდ შეუწყვიტა.

"ეს ხელშეკრულება უვადო იყო და ამ საკითხზე იურისტებს უკვე გავესაუბრე. ვაპირებ, დავა სასამართლოში გავაგრძელო. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, ძალიან ბევრი ისეთი თემაა, რაზეც შეიძლება, ვიდავოთ. დარღვეულია ძალიან ბევრი პუნქტი და კანონი", - ამბობს მიშველაძე.

ეკა მიშველაძე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გუშინ გაათავისუფლა. ჟურნალისტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორისგან, გიორგი ბარათაშვილისგან, წერილი მიიღო, რომელშიც ეწერა, რომ ეკა მიშველაძის გადაცემა "პირველი სტუდია“ დაიხურა, ხოლო მის მიერ წარმოდგენილმა ახალი გადაცემის პროექტმა არხის ხელმძღვანელობის მოწონება ვერ დაიმსახურა, რადგან, ბარათაშვილის განმარტებით, თემატიკა, რომელსაც აღნიშნული პროექტი ეხებოდა, საკმაოდ ვრცლად არის წარმოდგენილი სატელევიზიო ბადეში არსებულ სხვადასხვა გადაცემაში.

ეკა მიშველაძის გადაცემა "პირველი სტუდია" გასულ წელს შეაჩერეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მრჩეველმა ბასა ჯანიკაშვილმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მიშველაძე "პოლიტიკური ლიდერის მეუღლეა და უხერხულია, წაიყვანოს პოლიტიკური გადაცემა". აღსანიშნავია, რომ მიშველაძის ქმარი ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრი და თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილია. 

როგორც მიშველაძე ამბობდა, გადაცემის დახურვის შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლისგან ჰქონდა შემოთავაზება, ახალი გადაცემა გაეკეთებინა, რომელშიც პოლიტიკოსები მონაწილეობას არ მიიღებდნენ. გადაცემა ეთერში იანვრიდან უნდა გასულიყო, თუმცა, ჟურნალისტის მხრიდან ლოდინის მიუხედავად, არ გავიდა, რის შემდეგაც მიშველაძემ ამის შესახებ საჯაროდ ისაუბრა.

კომენტარები