- ირანის ისლამური რესპუბლიკის 78 მილიონ მოქალაქეს საქართველოში უვიზოდ მიმოსვლა ისევ შეეძლება. ქართული ოცნების მთავრობა მის მიერვე მიღებული სავიზო რეგულაციის გაუქმებას გეგმავს. ამის შესახებ გუშინ პრემიერმინისტრი კვირიკაშვილმა და ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა ტელეფონით ისაუბრეს. ბრიუსელში ვიზიტით მყოფმა კვირიკაშვილმა ირანთან უვიზო რეჟიმის აღდგენის შესახებ ევროკომისარს მიგრაციის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსს მიაწოდა ინფორმაცია.
ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, რომელიც ამ პოსტს 2013 წელს, სავიზო რეგულაციები დაწესებისას იკავებდა, ამბობს, რომ მაშინ ეს საჭირო იყო, რათა ქვეყანას მიგრაციის ერთიანი პოლიტიკა შეექმნა.
- საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პირველი შეხვედრა გიორგი კვირიკაშვილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ჰქონდა. ნახევარსაათიანი შეხვედრის შემდგომ შეხვედრის დეტალებზე ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ისაუბრა. დონალდ ტუსკის თქმით, შეხვედრის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნები იყო. საუბარი, მათ შორის, მედიის თავისუფლებასა და კანონის უზენაესობას შეეხო.
- საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო იმ საფრთხეებზე საუბრობს, რასაც ორგანიზაცია იუსტიციის სამინისტროს მიერ მიწების დარეგისტრირების შესახებ მომზადებულ კანონპროექტში ხედავს. პარლამენტში შესული პროექტის მიხედვით, სახელმწიფო თავის საკუთრებად დაირეგისტრირებს ყველა იმ მიწის ნაკვეთს, რომელზეც საჯარო რეესტრის მონაცემებით სხვა პირის უფლება არ დგინდება. ამ პროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში, საქართველოს სოფლად მცხოვრებმა მილიონ ნახევარზე მეტმა მოქალაქემ, შესაძლოა, დაკარგოს საკუთრება, რომლის ფაქტობრივი მფლოებელია, თუმცა ამის დამადასტურებელი საბუთი არ გააჩნია.




