სურსათი

საქართველო ჯერ კიდევ ღარიბია - მოსახლეობა შემოსავლების 44%-ს საკვებზე ხარჯავს

wikimedia.org

44% არის ის ნაწილი, რასაც საქართველოს მოსახლეობა საკუთარი შემოსავლებიდან საკვების შეძენაზე ხარჯავს. აღნიშნული მაჩვენებელი რეგიონის მასშტაბით ერთ-ერთი მაღალია. 

დასავლურ ქვეყნებში სურსათზე მთლიან ხარჯებში გაცილებით ნაკლები წილი მოდის. მაგალითად: აშშ - 6%, ბრიტანეთი 8%, გერმანია 10%. განვითარებად ქვეყნებში აღნიშნული მაჩვენებელი 20-30%-ის ფარგლებში მერყეობს. საქართველოს მეზობელ თურქეთში საკვების წილი 21%-ს შეადგენს, რუსეთში კი სურსათის წილი დანახარჯების 29%-ია. ღარიბ ქვეყნებში კი საკვების წილი 50%-ს აჭარბებს. 

მოსახლეობის ხარჯებში სურსათის შეძენაზე დახარჯული თანხის რაოდენობას საქსტატი ითვლის. ეკონომიკურ ზრდასთან ერთად ყოველწლიურად იკლებს ის წილი, რასაც მოსახლეობა საკვებზე ხარჯავს. მაგალითად, 2007 წელს შემოსავლების 57% საკვებზე მიდიოდა, 2010 წელს ეს მაჩვენებელი 48%-მდე შემცირდა, ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე კი სურსათის წილი 45-44%-მდე შემცირდა. 

როდესაც მოსახლეობის შემოსავლები იზრდება, მათ ხარჯებში სურსათის წილი კლებულობს, იზრდება ელექტროტექნიკის, ფუფუნების საგნების, კოსმეტიკური საშუალებებისა და სხვა ტიპის ხარჯები, რომელთა გაწევასაც დაბალი შემოსავლების პირობებში მოსახლეობა ერიდება.

კომენტარები