საპარტნიორო ფონდი

საგანელიძე ტაბულას: დიდი სანათესაო მყავს და ყველათი ვამაყობ

facebook.com/PartnershipFund

"საპარტნიორო ფონდის" თავმჯდომარე დავით საგანელიძე მისი ძმისშვილის კომპანიაში საპარტნიორო ფონდის მიერ $30 მილიონის ინვესტიციის ჩადებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ მისი ყველა ნათესავი წარმატებულია და მედიასაშუალებებს ამის გადამოწმება შეუძლიათ. 

"ნათესაურ კავშირებს თუ ეძებთ, მე საკმაოდ დიდი სანათესაო მყავს და ნებისმიერ პროექტში, რომელსაც საპარტნიორო ფონდი აფინანსებს, ყველგან შეგიძლიათ ჩემი ნათესავები მოძებნოთ და მე ყველათი ვამაყობ", - ამბობს საგანელიძე. 

"საპარტნიორო ფონდი" სახელმწიფოს კუთვნილი უმსხვილესი კომპანიაა, იგი რკინიგზიდან და ნავთობისა და გაზის კორპორაციიდან მიღებულ მოგებას საინვესტიციო პროექტებში დებს. ფონდის თავმჯდომარე დავით საგანელიძეა. დეკემბერში საპარტნიორო ფონდმა ფარმაცევტული კომპანია Humanity Georgia-ს $30 მილიონით ინვესტირება დაიწყო, ამ კომპანიის დირექტორის მოადგილე კი საგანელიძის ძმისშვილი გიორგი საგანელიძეა. 

Humanity Georgia ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების დაწევას ინდოეთიდან იაფი მედიკამენტების იმპორტით გეგმავს. კომპანიამ საპარტნიორო ფონდს ახალი ფარმაცევტული საწარმოს აშენების პროექტით მიმართა, რასაც ფონდი დათანხმდა. საბოლოოდ, სახელმწიფო კომპანიის თანადაფინანსებით, Humanity Georgia $130-მილიონიანი ფარმაცევტული ქარხნის აშენებას გეგმავს. Humanity Georgia-ს დირექტორმა ანდრე კუზმამ ბიზნესკურიერთან განაცხადა, რომ საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის ნათესაური კავშირი პრობლემას არ წარმოადგენს. 

გიორგი საგანელიძე წლების მანძილზე სადაზღვევო კომპანია არქიმედეს გლობალ ჯორჯიას დირექტორის პოსტზე მუშაობდა, თუმცა კომპანია 2013 წლის ბოლოს გაკოტრდა. მას სახელმწიფოსა და პროვაიდერი კლინიკების მრავალმილიონიანი ვალი დარჩა. 

2015 წლის სექტემბერში კი ჯანდაცვის სამინისტრომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების კლება დააანონსა. რამდენიმე თვის შემდეგ კი ბაზარზე Humanity Georgia გამოჩნდა. საპარტნიორო ფონდის განცხადებაში ნათქვამია, რომ Humanity Georgia-სთვის დაფინანსების გამოყოფაში აქტიურად მონაწილეობდა ჯანდაცვის სამინისტრო.

Humanity Georgia-ს დირექტორი ანდრე კუზმა ამბობს, რომ კომპანიის პროექტი იაფი მედიკამენტების იმპორტი, შემდეგ საქართველოში ქარხნის გახსნა და წამლების ექსპორტია. კუზმას თქმით, მსგავსი პრაქტიკა Humanity Holding-ისთვის ყველა ქვეყანაში საერთოა, თუმცა პირველი ქვეყანა, სადაც ეს პროექტი განხორციელდება, საქართველოა.

კომენტარები