საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქო ქორწინებაზე სარჩელის ავტორისთვის დაცვის გამოყოფას ითხოვს

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო თხოვნით მიმართავს შინაგან საქმეთა მინისტრს, დაცვა გამოუყოს მოქალაქე გიორგი ტატიშვილს, რომელმაც ერთი და იმავე სქესის ადამიანთა ქორწინების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი „უარყოფითად არის განწყობილი ასეთ კანონთან მიმართებაში", რაც „გარკვეულმა ძალებმა" შესაძლოა პროვოცირებისთვის გამოიყენონ და ტატიშვილის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას. საპატრიარქოს განცხადებას სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს:

"როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ საქართველოს მოქალაქე გიორგი ტატიშვილმა (იგი ამჟამად ამ სახელით არის დარეგისტრირებული) საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომელიც საბოლოო მიზნად ისახავს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას.იგი თვითონ არის ლგბტ საზოგადოების წარმომადგენელი და მათი უფლებადამცველი.

მოგეხსენებათ, ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი (განურჩევლად ეროვნებისა და რწმენისა) როგორ უარყოფითად არის განწყობილი ასეთ კანონთან მიმართებაში. ამიტომაც არის საშიშროება იმისა, რომ გარკვეული ძალების მიერ ეს მდგომარეობა იქნას გამოყენებული პროვოცირებისათვის და გიორგი ტატიშვილის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის დასაგმობია და ყოვლად მიუღებელი მისი ეს ნაბიჯი (მით უმეტეს კანონის მიღება), მიუღებელია ძალადობრივი ქმედებაც, და, რა თქმა უნდა, ძალადობის უმძიმესი ფორმით გამოვლენა.

ამიტომაც თხოვნით მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, გაითვალისწინოს აღნიშნული და გიორგი ტატიშვილს, უსაფრთხოების მიზნით, დროულად გამოუყოს დაცვა", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი ტატიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს იანვრის ბოლოს მიმართა. მოსარჩელე ითხოვს, საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად ცნოს სამოქალაქო კოდექსის ის ნორმა, რომელიც ქორწინებას ქალისა და მამაკაცის ერთობად განმარტავს.

სარჩელის მომზადებაში ჩართულნი არ ყოფილან საქართველოში მოქმედი ლგბტ უფლებადამცველი ორგანიზაციები. სარჩელის შეტანის შემდეგ ამ თემის გარშემო განსაკუთრებით გააქტიურდნენ ჰომოფობიური და ანტიდასავლური რიტორიკის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია.

კომენტარები