საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო

კრიზისების მართვის საბჭო ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში არ შევა

გიორგი კვირიკაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ "სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში შესვლის მოთხოვნა, არსებული საკონსტიტუციო რეალობის გათვალისწინებით, არაადეკვატურია". ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარის ვიქტორ დოლიძის განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია დღეს გამოეხმაურა,

"ნებისმიერ კრიზისზე ქვეყანაში პასუხისმგებელია მთავრობა და კრიზისული ვითარება უნდა იმართებოდეს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ, რომლის მეთაურია პრემიერმინისტრი. კრიზისული სიტუაციების ოპერატიულად მართვისთვის მთავრობას სჭირდება ეფექტური და ქმედითი ორგანო, რასაც ამ შემთხვევაში სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო წარმოადგენს. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსა და ეროვნული უშიშროების საბჭოს ფუნქციები მკაფიოდ არის გამიჯნული.

პრემიერმინისტრი მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს მთავრობისა და პირადად მისი მხრიდან პოლიტიკური წესრიგის ჩამოყალიბებისკენ გადადგმული კონსტრუქციული ნაბიჯების პოლიტიკური მიზნებით გამოყენების მცდელობას.

აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური პასუხისმგებელია მართვაზე და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს თუ ინსტიტუტს, რომელიც ეფექტური მენეჯმენტისთვის არის საჭირო. ძველი კონსტიტუციით, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური იყო პრეზიდენტი, ბუნებრივია, რომ უშიშროების საბჭოში იყო აკუმულირებული ყველა ფუნქცია. დღევანდელი კონსტიტუციით, თუ კრიზისი გადადის საგანგებო მდგომარეობაში, მხოლოდ ამის შემდეგ ხდება გადაწყვეტილებების ნაწილის მიღება უშიშროების საბჭოს ფორმატში", - აცხადებს პრემიერმინისტრი.

ვიქტორ დოლიძემ გუშინ, პარლამენტში თავის გამოსვლაში თქვა, რომ კრიზისების მართვის საბჭო უნდა იყოს ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენელი.

პრემიერმინისტრთან არსებული სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო 2014 წლის იანვარში შეიქმნა. ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ მოქმედი კანონი და კრიზისების მართვის საბჭოს დებულება ადასტურებს, რომ ამ ორ საბჭოს ერთი და იგივე ფუნქციები აქვთ. 

კომენტარები