საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო

ბოკერია: განცხადებებზე მეტად შემაშფოთებელია მცდარი წარმოდგენა რუსეთზე

ტაბულა

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, გადაცემა "დიალოგში" განაცხადა, რომ ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაში მცდარი წარმოდგენა და მოლოდინები აქვს და ეს შემაშფოთებელია.

"პირველში რიგში, ვიტყვი, რაც იყო დადებითი მხარე საარჩევნო კამპანიის დასრულების შემდეგ. ახალმა ხელისუფლებამ, პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა საჭიროდ ჩათვალეს დაეფისქირებინათ, რომ ისინი არ ცვლიან საგარეო კურსს. რომ პრიორიტეტად რჩება ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ჩვენ ამას მივესალმეთ საჯაროდ, თუმცა ამის შემდეგ, ის შიშები, რომელიც არსებობდა წინასაარჩევნო კამპანიისას, ნაწილობრივ დადასტურდა. პრემიერის განცხადებებზე მეტად, შემაშფოთებელია მცდარი წარმოდგენა, რომელიც, როგორც ჩანს, ახალი ხელისუფლების ნაწილსა და პრემიერმინისტრს ჰქონდა - რომ საძულველ სააკაშვილს ჩააბარებენ წარსულს, ჩვენს მთავარ გამოწვევას, რუსეთის ფედერაციას სხვა ენაზე დაელაპარაკებიან, დააბრალებენ პრობლემებს წინა უმრავლესობას და ეს ავტომატურად გადაწყვეტს ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრობლემას, იმ შეუთავსებლობას ინტერესებისა, რომელიც არსებობს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის. კერძოდ, რუსეთს არ სურს იმ ფაქტის მიღება, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა. ამის ტიპური მაგალითი იყო პრემიერის განცხადება რუსეთის უაღრესად აგრესილ ნაბიჯზე, საზღვრის ზოლის გადმოწევაზე. მან თქვა, რომ ეს არის გაუგებრობა. ეს არის დიდი შეცდომა და ზრდის ჩვენი უსაფრთხოების რისკებს", - განაცხადა ბოკერიამ.

ბოკერიას თქმით, ილუზია იმის შესახებ, რომ ქვეყნის საუკეთესო პარტნიორები გააკეთებენ საქმეს ჩვენ ნაცვლად და შეაწუხებენ რუსეთის ფედერაციას, არავის არ უნდა ჰქონდეს.

"ესეთი რამ საერთაშორისო პოლიტიკაში არ არსებობს. ჩვენი მთავარი ინსტრუმენტი რუსული აგრესიის წინააღმდეგ არის ჩვენი შიდა სიმყარე - საზოგადოების პოზიცია, მაგრამ, ამასთან ერთად, არანაკლებად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ზეწოლა. რუსეთი ჩრდილოეთ კორეა არ არის, მისთვის მნიშვნელოვანია როგორი იქნება საერთაშორისო კლიმატი, ეს ჩვენ ვნახეთ ყველაზე მძიმე დღეებშიც. ამ პირობებში, ასეთი აგრესიული ნაბიჯის ფონზე, როდესაც საპასუხოდ ხელახლა გაწვდილი ხელის მაგიერ, მივიღეთ საზღვრების გადმოწევა, სოფლების გაყოფა, უფრო მეტი ხალხის დაკავება და, პოტენციურად, თუ გაჰყვნენ ამ გზას, ბევრად უფრო მეტ პოლიტიკურ და ეკონიმიკურ პრობლემას შეგვიქმნიან. იმედია, რომ საერთაშორისო რეაქცია იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ამის შეფერხების, მაგრამ ამ ფონზე, თუკი ჩვენი პრემიერმინისტრი ამბობს, რომ ეს უბრალოდ გაუგებრობაა, ძალიან ძნელია კამპანიის ჩატარება ჩვენს ახლო პარტნიორებშიც კი, რომ რუსეთს უფრო სერიოზულად დაუპირისპირდნენ", - განაცხადა ბოკერიამ.

კომენტარები