პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება

პრეზიდენტი პარლამენტს იუსტიციის საბჭოს რეფორმისთვის ინიციატივებს სთავაზობს

გიორგი მარგველაშვილი
facebook.com/Margvelashvili

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირების კუთხით რამდენიმე ინიციატივას სთავაზობს. პრეზიდენტი დღეს პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით გამოვიდა.

„ამ ბოლო დროს დაისვა ბევრი კითხვა საზოგადოების მხრიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განხორციელებულ საკადრო გადაწყვეტილებებზე. სასამართლო სისტემის გაჯანსაღება და გაძლიერება უნდა გაგრძელდეს. ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი სუბიექტი არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ბუნებრივია, საქართველოს პარლამენტის გადასაწყვეტია ის რეფორმები, რომლებიც განხორციელდება ამ მიმართულებით, მაგრამ მინდა, შემოგთავაზოთ რამდენიმე ინიციატივა:

- დაინერგოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეების გამოსაცდელი ვადით გამწესებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების მექანიზმი, რადგან ასეთი დღეს არ არსებობს;

- შეიცვალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების მექანიზმი, იმგვარად, რომ საბჭოში პროპორციულად 3 წევრით იყოს წარმოდგენილი თითოეული ინსტანცია. ანუ ისევ მოსამართლეები, მაგრამ სამი წევრი თითო ინსტანციიდან;

- მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნისა და დაწინაურების პროცესში, უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს მიეცეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის რეკომენდაციების მიცემის უფლება;

- გაძლიერდეს უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა და ფუნქციები, სასამართლო პრაქტიკის ანალიზისა და მართლმსაჯულების კვალიფიკაციის ხარისხის  ამაღლებასთან დაკავშირებით“, - თქვა პრეზიდენტმა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მართლმსაჯულების სისტემაში მნიშვნელოვანია ადვოკატთა დაცულობა, რაც, მისი თქმით, შეჯიბრებითობის პრინციპის გაღრმავებას უზრუნველყოფს.

კომენტარები