რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა

კომიტეტმა “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის” დასჯას მხარი დაუჭირა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც, "რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა" დასჯადი ხდება. კომიტეტზე განხილვისას, კანონპროექტში შესწორებები შევიდა და შემდეგი ფორმულირება მიიღო - "პირის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 600 ლარია. რელიგიური სიწმინდეების და საკულტო ნაგებობების წაბილწვა 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს".

კანონპროექტს მხარი ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ფატი ხალვაშმა, მერაბ კაჭახიძემ და ვლადიმერ აჩბამ დაუჭირეს.

"მეორე მოსმენისთვის შეგვიძლია დამატებითი კონსულტაციები გავიაროთ იმ რელიგიურ ორგანიზაციებთან, ვისაც შეიძლება, ჰქონდეს ინტერესი, რომ მათი უფლებები იყოს დაცული. თუ ავტორი გარკვეულ კონსულტაციებს გაივლის, კარგი იქნება. ჩვენ კი, შევთანხმდით, რომ მარტივი ჩანაწერი მიზნისთვის უფრო უკეთესი იქნება", - თქვა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გედევან ფოფხაძემ.

კანონპროექტის ავტორია დემოგრაფიული განვითარების ფონდის დირექტორი ზვიად ტომარაძე, ხოლო ინიციატორი - სოსო ჯაჭვლიანი. განმარტებითი ბარათის თანახმად, "რამდენიმე წელია, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საბაბით პერიოდულად ხდება ფარული თუ პირდაპირი შეურაცხყოფა როგორც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის, ასევე, ქვეყანაში არსებული სხვადასხვა ტრადიციული რელიგიის მიმართ. გაურკვეველი ჯგუფები და პიროვნებები მიზანმიმართულად ახორციელებენ რელიგიური სიწმინდეების, ნაგებობების და სიმბოლოების შეურაცხყოფას. სოციალურ ქსელში შექმნილია რამდენიმე ათეული გვერდი, რომელთა პირდაპირი დანიშნულებაა ღვთის გმობა, მართლმადიდებლური ეკლესიის, მისი წინამძღოლისა და იერარქების შეურაცხყოფა. 2012 წლის 9 სექტემბერს გაურკვეველმა პირებმა ქაშუეთის ეკლესიის გალავანზე დახატეს წმინდა ნინოს კარიკატურა წარწერით: Pussy Riot".

კომენტარები