პოლიტიკური დევნა

ტუღუში: ევროსაბჭოში მყარადაა ჩამოყალიბებული აზრი, რომ უგულავა პოლიტპატიმარია

თეორემა/ტაბულა

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარის გიორგი ტუღუშის განცხადებით, "ცხადია, ევროპის საბჭოში მყარად არის ჩამოყალიბებული აზრი იმაზე, რომ გიგი უგულავა არის პოლიტიკური პატიმარი". ტუღუში შაბათის კურიერში იმ საერთაშორისო ანგარიშებს გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნაა. ტუღუშმა ევროსაბჭოს ახლადარჩეული პრეზიდენტის პედრო აგრამუნტის შესავალი სიტყვაც შეაფასა. აგრამუნტმა გიგი უგულავა პოლიტიკურ პატიმრად მოიხსენია.

"სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში არ დარჩა არცერთი საერთაშორისო მაღალი ტრიბუნა, სადაც არ მოგვისმენია საქართველოს კრიტიკა ადამიანის უფლებების მიმართულებით შექმნილი პრობლემების გამო. რა თქმა უნდა, არანაირად არ არის გასაკვირი, რომ უგულავას სახელი და გვარი ფიგურირებს ძალიან ბევრ ბოლო დროს მიღებულ საერთაშორისო დოკუმენტში, როგორც ევროპარლამენტის, ისე ევროპის საბჭოს. Human Rights Watch-საც არ დაუტოვებია ეს თემა უყურადღებოდ. ცხადია, რომ ყველა ახლადარჩეულ ხელისუფლებას აქვს ხოლმე გარკვეული პერიოდი, როცა მას აკვირდებიან, მით უმეტეს, იმ ხელისუფლებას, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა სწორედ იმის ლაპარაკით, რომ "წინა ხელისუფლება უხეშად არღვევდა ადამიანის უფლებებს და ჩვენ მოვდივართ იმისთვის, რომ ყველა პრობლემა მოვაგვაროთ". ეს თაფლობის პერიოდი გაგრძელდა ორი წლის განმავლობაში, თუმცა როცა ჩვენი პარტნიორები ხედავენ, რომ შეშფოთებას გამოთქვამენ, მაგრამ მდგომარეობა უარესდება, ეს აისახება ხოლმე, მთელ რიგ საერთაშორისო დოკუმენტებში. რაც შეეხება აგრამუნტის მიერ გიგი უგულავას ხსენებას, ბევრს ჰგონია ხოლმე, რომ ახლადარჩეული ევროპის საბჭოს პრეზიდენტი უცებ იგონებს რაღაცებს და შესავალ სიტყვას იქვე თხზავს. ეს არის კარგად გააზრებული ჩანაწერი, როდესაც მან ახსენა ორი ადამიანი - სავჩენკო და უგულავა, როგორც პოლიტიკური პატიმრები", - აცხადებს ტუღუში და აღნიშნავს, რომ ვეროპის საბჭო ამ მიმართულებით ყოველთვის ძალიან ფრთხილი იყო.

"ასევე, არსებობს ევროპის საბჭოს ერთ-ერთ რეზოლუციაში შემუშავებული კრიტიერიუმები თუ ვინ შეიძლება იყოს პოლიტიკური პატიმარი. ცხადია, ევროპის საბჭოში მყარად არის ჩამოყალიბებული აზრი იმაზე,რომ უგულავა არის პოლიტიკური პატიმარი. Human Right Watch-ის ბოლო ანგარიში ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკულია მათ შორის, რომელიც ამ ორგანიზაციას საქართველოში გამოუცია. ანგარიში იწყება იმით, რომ ქვეყანაში არის შერჩევითი სამართალი და ოპონენტების პოლიტიკური დევნა, ზეწოლა თავისუფალ მედიაზე. ასევე საუბარია, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე და მათ გამოუძიებლობაზე", - ამბობს ტუღუში.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ მისმა ორგანიზაციამ დეტალურად შეისწავლა ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ წარმოებული ყველა სისხლის სამართლის საქმე.

"დავანებოთ თავი პოლიტიკურ მხარეს, ამ საქმეებში იკვეთება უამრავი დარღვევა, მათ შორის სამართლებრივი აბსურდი რიგ საქმეებში, მთელი რიგი პრობლემები. ასევე თუ ვისაუბრებთ იმაზე, რომ უგულავა კონსტიტუციის დარღვევით ცხრა თვეზე მეტ ხანს იმყოფებოდა წინასწარ პატიმრობაში, მერე ჩვნ ვიხილეთ პროცესი, როდესაც ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ მას 22 საათზე მეტი არ გაეტარებინა თავისუფლებაში. ასევე ნებისმიერი იურისტი, რომელიც ჩახედავს საქმეებს - უგულავას, მერაბიშვილის, ახალაიას, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, ნებისმიერი აზრიანი ადამიანი, რომელიც წაიკითხავს რამდენიმე საქმეს და ნახავს, რომ ერთადერთი მოწმე ჰყავთ ბურჯანაძე და ოქრუაშვილი, მიხვდება, რეალურად რასთან გვაქვს საქმე. როდესაც ხელისუფლება საკუთარ თავზე იღებს ისეთ რისკს, რომ აკავებს და წინასწარ პატიმრობაში ჰყავს წინა ხელისუფლების პოლიტიკური ლიდერები, აქ უნდა იყოს ძალიან მყარი და გამართული სისხლის სამართლის საქმეები, რომელიც არ გააჩენს უამრავ კითხვის ნიშანს", - განაცხადა ტუღუშმა.

კომენტარები