გრიპის ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

H1N1 ვირუსით საქართველოში კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა თბილისში წუხელ მოხდა და გარდაცვლილი მამაკაცია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით ამ ეტაპზე ვირუსი ზომიერად მზარდია და ეპიდემიის საფრთხე არ არის. გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, განსაკუთრებული საფრთხის წინაშე არიან ის ადამიანები, რომლებსაც რომელიმე ქრონიკული დაავადებები აქვთ, თუმცა უკვე დაფიქსირდა ჯანმრთელი ადამიანის ვირუსით გარდაცვალების ფაქტიც. ზახაშვილი მოსახლეობას ურჩევს დაიცვან პრევენციის ზომები.

„გრიპი, რომელიც ახლა არის გავრცელებული, უკვე ათასობით ადამიანმა გადაიტანა სრულიად მშვიდობიანად და გამოჯანმრთელება დადგა. სამწუხაროდ, გრიპი იწვევს ლეტალურ გამოსავალს უხშირესად იმ ადამიანებში, ვისაც აქვს თანმხლები ქრონიკული დაავადება, მაგრამ იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს სრულიად ჯანმრთელ ადამიანებშიც. სამწუხაროდ, გვაქვს შემთხვევაც, როდესაც გამოიწვია სიკვდილი პრაქტიკულად ჯანმრთელ პიროვნებაში, ანუ ისეთ ადამიანში, რომელსაც რეგისტრირებული რომელიმე ქრონიკული დაავადება არ ჰქონია. ამიტომ, რა თქმა უნდა, გაფრთხილებისა და პრევენციის ზომებს უნდა მიმართოს ყველამ და ყველასთვის უნდა იყოს მნიშვნელოვანი ამის დაცვა - როდესაც აქვს გრიპი, მოუაროს თავს, რაც შეიძლება შეზღუდოს გადაადგილება“ - აცხადებს ზახაშვილი.

ოფიციალური სტატისტიკით, გრიპის ვირუსით წელს 7 ადამიანი გარდაიცვალა. 

კომენტარები