პრეზიდენტი პანკისელებს: ლავროვიც ხომ არ დავპატიჟოთ აქ?

გიორგი მარგველაშვილი
facebook.com/Margvelashvili

"ბატონი ლავროვიც ხომ არ დავპატიჟოთ აქ?" - ამ კითხვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა პანკისელ მოსახლეობას შეხვედრაზე. შეკითხვის მიზეზი ხეობის მოსახლეობის მხრიდან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით დაინტერესება იყო, რომელმაც პანკისში ISIS-ის ბაზებზე ისაუბრა.

სერგეი ლავროვის განცხადების შესახებ გიორგი მარგველაშვილმა მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუმცა აღნიშნა, რომ პანკისში სიმშვიდეა.

"მე არ ვაპირებ ლავროვის კომნტირებას. მე ვარ პანკისის ხეობაში, ჩემთან ერთად არიან ევროკავშირის და აშშ-ს ელჩები, ხართ თქვენ, ჟურნალისტები და თქვენი თვალით შეგიძლიათ ნახოთ როგორი არამც თუ რამე სირთულე, არამედ როგორი სიმშვიდეა აქ. ახლა გამოვედი ქალბატონის სახლიდან, რომელიც აქ პედაგოგია, მისი დაც პედაგოგია. მისი და სხვა ადამიანების თქმითაც, ასეთი მშვიდი გარემო, სადაც კრიმინალი საერთოდ არ არსებობს, ალბათ სხვა ადგილებში ნაკლებად არის" - განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილთან ერთად პანკისში თავდაცვის მინისტრის მოადგილეც იმყოფებოდა. ანა დოლიძის თქმით, "ზედმეტია საუბარი იმაზე, რომ აქ რაღაც განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომებია საჭირო, ან ტერორისტული ბანაკებია. ეს თითიდან გამოწოვილია და ზღაპარია, რომელიც ძალიან დიდი ხანია ისტორიას ჩავაბარეთ".

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, მოსკოვს აქვს ინფორმაცია, რომ ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს პანკისში საწვრთნელი ბაზები აქვს. მისი განცხადებით, სწორედ ხეობაში არსებული ვითარება იყო რუსეთ-საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის დაწესების ერთ-ერთი მიზეზი.

კომენტარები