არჩევნები გარდაბანში

ISFED: შენიღბულები უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტუაციის კონტროლს ცდილობდნენ

გარდაბნის გამგებლის რიგგარეშე არჩევნები ორგანიზაცია სამართლიანმა არჩევნებმა შეაფასა. ISFED საყურადღებოდ თვლის იმ ფაქტს, რომ საარჩევნო უბნებზე სამედიცინო ნიღბებით შემოსილი ადამიანები იყვნენ მობილიზებული. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ნიღბიანები უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტუაციის კონტროლს ცდილობდნენ.

"დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია საარჩევნო უბნებთან პირბადეებით და ქუდებით შემოსილი პირების ორგანიზებული გადაადგილების თაობაზე. აღნიშნული ფაქტი სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლებმა #59-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დააფიქსირეს. გარემოება საყურადღებოა იქიდან გამომდინარე, რომ იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ აღნიშნული პირები, რომლებიც საკუთარ ვინაობას შეგნებულად ნიღბავდნენ, უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტუაციის კონტროლს ცდილობდნენ. ორგანიზაციას დაფიქსირებული აქვს ერთ-ერთი ავტომობილის სახელმწიფო ნომერი", - წერია ISFED-ის ანგარიშში.

სამართლიანი არჩევნები გარდაბნის ორი საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მომხდარი დაპირისპირების შესახებაც წერს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ უბნებზე დაპირისპირება მოხდა დაუდგენელ პირებს შორის.

„სამართლიანი არჩევნების ინფორმაციით, ერთ-ერთმა პირმა მე-2 უბანთან მყოფ ავტომანქანას ქვა ესროლა და სცადა ჟურნალისტების ტელეკამერის დაზიანება. სიტუაცია განიმუხტა მას შემდეგ, რაც პოლიციამ აგრესიულად განწყობილი პირები გაიყვანა უბნის მიმდებარე ტერიტორიიდან; #4-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა დაუდგენელ პირებს შორის. სიტუაცია უბანთან მყოფი პირების ჩარევის შედეგად განიმუხტა. აღსანიშნავია, რომ დაპირისპირების დროს საარჩევნო უნის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია არ გამოჩენილა", - წერს ISFED და პროცედურულ დარღვევებზეც საუბრობს.

"#31-ე საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ჩარევის შემთხვევებს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები - „სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელი", სააგენტო „ALLMEDIA" „ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბი", „ანტიკოროფციული მედია ცენტრი", „თავისუფალი ზონა", ითავსებენ კომისიის წევების ფუნქციებს, კერძოდ მიუთითებენ ამომრჩევლებს რომელ კაბინაში შევიდნენ და ა.შ. ვაზიანის სამხედრო ბაზაზე განლაგებულ #64-ე სპეცუბანზე დაფიქსირდა 3 შემთხვევა, როდესაც რეგისტრატორებმა ამომრჩევლებს ხელი სხვა ამომრჩევლის გვარის გასწვრივ მოაწერინეს, რაზეც კომისიის წევრებმა ახსნა-განმარტებები დაწერეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელმა 2 შენიშვნა შეიტანა ჩანაწერთა წიგნში; #31-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა 3 შემთხვევა, როდესაც რეგისტრატორმა ამომრჩეველს გრაფაში ხელი არ მოაწერინა, ხოლო ერთ შემთხვევაში არც რეგისტრატორმა და არც ამომრჩეველმა არ მოაწერეს ხელი შესაბამის გრაფებში. ამ ფაქტთან დაკავშირებით „სამართლიანი არჩევნების" მიერ დაიწერა საჩივარი როგორც საუბნო, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიაში", - ნათქვამია ISFED-ის ანგარიშში.

კომენტარები