არჩევნები გარდაბანში

საია: დროულად და ეფექტურად გამოიძიეთ #2 უბნის ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სამართალდამცველებს მოუწოდებს, გარდაბნის მე-2 საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტი დროულად და ეფექტურად გამოიძიონ. საიას განცხადებითვე, სამართალდამცავმა ორგანოებმა არჩევნებში ჩართული ყველა პირის უსაფრთხოება უნდა დაიცვან.

"ამავე საარჩევნო უბანზე საიას დამკვირვებელმა უარყო რაიმე სახის არეულობის ფაქტი კენჭისყრის შენობაში და განაცხადა, რომ უბანზე სრული სიმშვიდე იყო. მათ უბანზე ჰქონდათ ინფორმაცია დაპირისპირების თაობაზე, რომელიც უბნის გარეთ, მის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა და რომელსაც, საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, გავლენა არ მოუხდენია საარჩევნო პროცესის კენჭისყრის შენობაში მშვიდობიანად წარმართვაში. მოვუწოდებთ არჩევნებში მონაწილე ყველა მხარეს, თავი შეიკავოს ნებისმიერი სახის პროვოკაციისგან, რათა მშვიდ ვითარებაში წარიმართოს ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესი" - აცხადებს ორგანიზაცია.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 20:30 საათის მდგომარეობით, საარჩევნო კომისიის წევრის მოვალეობის არაჯეროვან შესრულებაზეც საუბრობს. კერძოდ, საიას განმარტებით, გარდაბნის ოლქის #64-ე უბანზე, სადაც ხმას აძლევენ სამხედრო მოსამსახურეები, დღის განმავლობაში ერთი და იმავე შინაარსის დარღვევა სამჯერ დაფიქსირდა.

"საარჩევნო უბანზე მისულ სამხედრო მოსამსახურეებს მანუჩარ ხაბაძეს, ლევან სირაძეს და გიორგი კელაპტრიშვილს ამომრჩეველთა ერთიან სიებში საკუთარი გვარების გასწვრივ სხვა პირების მიერ გაკეთებული ხელმოწერები დახვდათ. აღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით, ახსნა-განმარტებები დაწერეს როგორც სამხედრო მოსამსახურეებმა, ასევე დამრღვევმა კომისიის წევრებმა-რეგისტრატორებმა. რეგისტრატორებმა ახსნა-განმარტება დაწერეს და განაცხადეს, რომ მათ ტექნიკური შეცდომა დაუშვეს. მათი განცხადებით, უბანზე მისულ ამომრჩევლებს შეცდომით სხვის გრაფებში მოაწერინეს ხელი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საიას დამკვირვებლებმა შესაბამისი საჩივრები წარადგინეს საუბნო და საოლქო კომისიებში" - ნათქვამია საიას განცხადებაში.

გარდაბანში, მე-2 საარჩევნო უბანზე ფიზიკური დაპირისპირება დაახლოებით 19:00-ზე მოხდა. დაშავებულია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთი მხარდამჭერი. ენმ-ის განცხადებით, "მათ მხარდამჭერებს თავს დაესხნენ და პოლიციას არ ჰქონდა შესაბამისი რეაქცია". პარტიის ინფორმაციითვე, ერთ-ერთი თავდამსხმელი პოლიციელებთან ერთად მოქმედებდა. ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის მტკიცებით კი, პროვოკაცია თავისუფალი ზონის წევრებმა მოაწყვეს.

კომენტარები