არჩევნები გარდაბანში

პირი, რომელმაც საარჩევნო უბანზე "ძმაკაცს მიაკითხა", ახლა ოცნების ოფისთანაა

ტაბულა

მამაკაცი, რომელმაც გარდაბანში მიმდინარე არჩევნებზე, 62-ე საარჩევნო უბანზე "ძმაკაცს მიაკითხა", ახლა ქართული ოცნების ოფისთან იმყოფება. მას და კიდევ რამდენიმე ათეულ პირს ენმ-ის წარმომადგენელი დიმიტრი შაშკინი ამომრჩევლის შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა.

"ძმაკაცს მოვაკითხე, სრული უფლება მაქვს. ასე აქტიურები რატომ არ იყავით მიშას დროს", - ამბობს ნიღბიანი მამაკაცი და აღნიშნავს, რომ სამედიცინო ნიღაბი გაციების გამო უკეთია. მისივე თქმით, სპორტის ფედერაციის პრეზიდენტია, თუმცა, არც ვინაობას და არც კონკრეტულ ფედერაციას არ ასახელებს. 

მოგვიანებით, იგივე მამაკაცი ტაბულას გადამღებმა ჯგუფმა ქართული ოცნების ოფისთან დააფიქსირა.

ენმ-ის წარმომადგენლის დიმიტრი შაშკინის მტკიცებით კი, დაახლოებით 40 ნიღბიანი ადამიანი სხვადასხვა საარჩევნო უბანზე დადის, ე.წ. კორიდორს აკეთებს და ამომრჩეველს შეურაცხყოფას აყენებს. შაშკინი ამბობს, რომ პოლიცია გამოიძახეს, თუმცა სამართალმდაცველები ადგილზე არ მისულან. 

"ეს არის იგივე ხალხი, რომელიც სხვადასხვა უბნებზე დადის. აყენებდნენ შეურაცხყოფას უბანზე შესულ ამომრჩეველს, უყვიროდნენ, რომ არ უნდა შემოეხაზათ ხუთიანი, აყენებდნენ შეურაცხყოფას ჟურნალისტებს და დამკვირვებლებს, ფიზიკურად არავის შეხებიან და, ბუნებრივია, ამის უფლებას არც არავინ მისცემდა", - ამბობს შაშკინი.

კომენტარები