არჩევნები გარდაბანში

ენმ: ქართულმა ოცნებამ პანიკური განცხადებებისგან თავი უნდა შეიკავოს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქართული ოცნების განცხადებას გარდაბნის ხვალინდელ არჩევნებთან დაკავშირებით "პანიკურს" უწოდებს. პარტიის წევრი გიგი წერეთელი მოუწოდებს ხელისუფლებას, არჩევნების კანონის ფარგლებში ჩატარება უზრუნველყოს.

"ასეთი პანიკური ელფერის განცხადებებისგან, მე ვფიქრობ, თავი უნდა შეიკავოს ყველამ. კიდევ ერთხელ გვინდა, მოვუწოდოთ ხელისუფლებას, მმართველ პარტიას, რომ დაავალონ თავიანთ შესაბამის სტრუქტურებს, ვინც აქტიურად მუშაობდა სწორედ ოპოზიციის წინააღმდეგ, რომ დაიცვან კანონი და უზრუნველყონ კანონის ფარგლებში, მშვიდობიანად არჩევნების ჩატარება გარდაბანში", - თქვა გიგი წერეთელმა.

გარდაბნის არჩევნებთან დაკავშირებით ქართული ოცნება ერთიან ნაციონალურ მოძრაობას "დესტრუქციულ ქმედებებში" ადანაშაულებს. პარტიის მტკიცებით, ენმ-ის წარმომადგენლები ქართული ოცნების სააგიტაციო მასალებს ფარულად ხევენ, ხოლო მათ კოორდინატორსა და აგიტატორებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ქართული ოცნების განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა ხვალ "საარჩევნო უბნების ჩაშლას" გეგმავს.

კომენტარები