სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა პროფესორმა ლევან უჯმაჯურიძემ და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა, დოქტორმა ბარბარა ველსმა.
მემორანდუმის ფარგლებში კარტოფილის საერთაშორისო ცენტრმა (CIP) და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა შეიმუშავეს მავნებელ-დაავადებებისადმი გამძლე ჯიშების კარტოფილის სათესლე მასალის წარმოების, მოსავლიანობის გაზრდის და დივერსიფიკაციის ხუთწლიანი ერთობლივი კვლევების პროექტი. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრის შეფასებით, პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ამასთან, უახლოეს პერიოდში დაფუძნდება და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში განთავსდება კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლობა საქართველოში.
ცენტრის დირექტორის ლევან უჯმაჯურიძის თქმით, მემორანდუმი ხელს შეუწყობს საქართველოში მეკარტოფილეობის დარგის უკეთ განვითარებას ახალი, მათ შორის საადრეო, ჯიშების ინტროდუცირებას, მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, რაც თავის მხრივ დაეხმარება ფერმერებს უხვი და ხარისხიანი მოსავლის მიღებაში.
"ძალიან მნიშვნელოვანია ისეთ ქვეყნებთან ურთიერთობა, როგორიც არის საქართველო. კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი საქართველოს დაეხმარება კარტოფილის ელიტურ ჯიშებზე კვლევის ჩატარებაში, ნათესების და თესლის წარმოების ახალ მეთოდების განვითარებაში და იმ მონაცემების დადგენაში, რომელიც კარტოფილის საბაზისო მონაცემებს აჩვენებს, ასევე ფერმერებისთვის გაზრდილი შემოსავლების მიღებაში", - განაცხადა CIP-ის გენერალურმა დირექტორმა, დოქტორმა ბარბარა ველსმა.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ცნობით, კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლობის დაარსება საქართველოში ემსახურება პროგრამას - ცოცხალი კარტოფილი კავკასიისათვის და აზიისთვის - რომლის მიზანია სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, კარტოფილის არახელსაყრელი გარემო პირობებისადმი და დაავადებების მიმართ გამძლე ჯიშების კვლევა და ფერმერთა ცნობადობის ამაღლება კარტოფილის წარმოების საქმეში.
"კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი CIP 1971 წელს დაარსდა. ცენტრის მიზანია განვითარებად ქვეყნებში სიღარიბის დაძლევა, ბუნებრივი რესურსების დაცვა, კარტოფილის კუტურების განვითარების ხელშეწყობა, რაც ითვალისწინებს კვლევას და ინოვაციებს მეცნიერებაში, ტექნოლოგიებში და სხვა შესაძლებლობების განვითარებაში. კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი არის სოფლის მეურნეობის კვლევის მსოფლიო პარტნიორობის ორგანიზაციის წევრი (CGIAR ). ეს კონსორციუმი აერთიანებს კვლევით ორგანიზაციებს, რომლებიც კვების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ზრუნავენ. ამ ორგანიზაციის დონორები მოიცავს ცალკეული ქვეყნების ძირითად ფონდებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს", - აცხადებს სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრი.





