თბილისი

დასახლება თბილისში, სადაც კანალიზაცია დღემდე არ არსებობს

თბილისის ნაწილს საკანალიზაციო სისტემა დღემდე არ აქვს. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ მუხიანის აგარაკების დასახლებაში დგას. ადგილობრივთა თქმით, მათი ნაწილი პრობლემის მოგვარებას ეზოში ამოთხრილი ორმოებით ცდილობს, ნაწილი კი კანალიზაციას უბრალოდ სავალ გზაზე უშვებს. მოსახლეობამ თბილისის მერიას და გლდანის გამგეობას უკვე რამდენჯერმე მიმართა, თუმცა, როგორც თვითონ ამბობენ, უშედეგოდ.
 
კანალიზაციასთან ერთად, გზაზე სასმელი წყალიც მოედინება, რადგან მილები ხშირად სკდება. ამის გამო, გზა მუდმივად დაზიანებულია, რაც როგორც ფეხით, ისე ავტომობილით მოსიარულეებს უქმნის პრობლემებს.
 
ტაბულა მუხიანის აგარაკების პრობლემის შესახებ გლდანის რაიონის გამგებელს ესაუბრა. ბესიკ ქარცივაძის ინფორმაციით, მუხიანი 2-ში არის 85 ქუჩა, 37 ჩიხი და 6 შესახვევი, სადაც წყალკანალიზაცია არ არსებობს. მისივე თქმით, ეს არ არის ერთადერთი დასახლება, სადაც მსგავსი პრობლემებია. გამგებელი ამბობს, რომ 26 იანვარს წყლის კომპანიასთან მორიგი შეხვედრა იგეგმება, სადაც საუბრის ერთ-ერთი საკითხი სწორედ ეს იქნება.  ე.წ. მუხიანის აგარაკების დასახლებაში კანალიზაციის მოწესრიგების კონკრეტულ დროს გამგებელი ვერ ასახელებს, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს უსწრაფესად უნდა მოხდეს. ბესიკ ქარცივაძის თქმით, პროექტის ღირებულება სავარაუდოდ რამდენიმე მილიონი იქნება.
 
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ტაბულა დაუკავშირდა თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურსაც, სადაც სატელევიზიო კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. თუმცა, პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ მერია მზადაა გზის ე.წ. მოხრეშვის ხარჯები აანაზღაუროს და ამისთვის ადგილობრივების მიმართვაა საჭირო. რაც შეეხება კანალიზაციას, უწყებაში აცხადებენ, რომ ეს მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით უნდა გააკეთოს.

კომენტარები