წიკლაური: კალაძეს მაინც მოუწევს პარლამენტში მოსვლა და პასუხისგება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს პარლამენტში მისვლა მაინც მოუწევს. წიკლაური კალაძის იმ განცხადებას პასუხობს, რომლის მიხედვითაც, "მე გადავწყვეტ, როდის უნდა მივიდე პარლამენტში და არა, როდესაც ბატონი წიკლაური ნაბახუსევზე მოინდომებს".

"როგორც არ უნდა ეცადოს თავის დაძვრენას, ენერგეტიკის მინისტრ კალაძეს მაინც მოუწევს პარლამენტში მოსვლა და პასუხისგება გაზპრომთან გამართული მოლაპარაკებების და კაპიტულაციის გამო. ეს მოხდება პარლამენტის განაწესის და რეგლამენტის შესაბამისად, რადგან რუსული კომპანიის ლობისტი მინისტრი ანგარიშვალდებულია ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის წინაშე. რაც შეეხება მის განცხადებაში მოყვანილ პლებეურ გამონათქვამებს, გაზპრომის სალახანასგან მეტ ზრდილობას არც არავინ მოელოდა", - განაცხადა წიკლაურმა.

ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის თქმით, "პარლამენტში მისვლაზე გავაკეთე განცხადება, რომ მზად ვარ ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანთან, ექსპერტები იქნებიან ესენი, არასამთავრობოები თუ სხვა, ამ კონკრეტულ თემაზე შესახვედრად. ასევე პარლამენტში აუცილებლად მივალ. ცხადია, მათ უნდათ შოუს დადგმა. მე თანახმა ვარ, მონაწილეობა მივიღო ამ შოუში, თუმცა, როდესაც დრო მექნება, ამასთან დაკავშირებით წინასწარ ვაცნობებ მათ და არა როდესაც ბატონი წიკლაური ნაბახუსევზე გაიღვიძებს და მოინდომებს კალაძის მისვლას პარლამენტში. ამას მე გადავწყვეტ, როდის უნდა მივიდე".

კომენტარები