წიკლაური: კალაძე არის პათოლოგიური მატყუარა

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის თქმით, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ მზადაა, პარლამენტში უმცირესობას შეხვდეს და ნებისმიერ შეკითხვას უპასუხოს.

"ჩვენ 2 დღის წინ ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადება მოვისმინეთ, რომელიც ამბობს, რომ არ ყოფილა შემთხვევა, როცა ნაციონალურ მოძრაობას მიეწვიოს ის პარლამენტში და მას უარი ეთქვას. სინამდვილეში კი, ის ასე, ზუსტად 3-ჯერ მოიქცა. ბოლო უარი ენერგეტიკის სამინისტროსგან, სწორედ ამ განცხადების შემდეგ, გუშინ დილით მივიღეთ.

ეს მეტყველებს იმაზე, რომ მინისტრი არის პათოლოგიური მატყუარა. ასევე, მას არ აქვს პასუხი იმ პროცესებზე, რაც მიმდინარეობს. ეს ხელისუფლება არ იცავს ქვეყნის ინტერესებს. დღეს ქვეყანა იმ ვითარებაშია, როცა რუსეთი შანტაჟისა და ულტიმატუმების ენით გვესაუბრება.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთი მატყუარა მთავრობის არსებობის შემთხვევაში საქართველოს ეროვნულ ინტერესებს საფრთხე ემუქრება, სწორედ ამიტომ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ეს მთავრობა ხელისუფლებას ჩამოვაშოროთ იმ არჩევნების გზით, რომელიც გვიახლოვდება", - თქვა წიკლაურმა.

კომენტარები