ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, გაზპრომთან მორიგი შეხვედრა დასრულდა. სამინისტრო აღნიშნავს, რომ მხარეები პირობებზე არ შეთანხმებულან და სამუშაო პროცესი კვლავ გრძელდება.
"ვენაში ჩატარდა მორიგი სამუშაო შეხვედრა გაზპრომის წარმომადგენლებსა და ქართულ მხარეს შორის. მოლაპარაკების საგანი არ შეცვლილა და გრძელდება სამუშაო პროცესი მხარეებისათვის მისაღები პირობების შეთანხმების მიზნით" - აცხადებს ენერგეტიკის სამინისტრო.
ენერგეტიკის სამინისტრო Gazprom-თან მოლაპარაკებებს 25 სექტემბრიდან აწარმოებს, მას შემდეგ კახა კალაძესა და Gazprom-ის გენერალურ დირექტორს ალექსეი მილერს შორის შეხვედრა სამჯერ გაიმართა.
2015 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული Socar Georgia-ს ხელმძღვანელი მაჰირ მამედოვი ამბობდა, რომ სხვა მხარეებთან მოლაპარაკებების საფუძველი არ არსებობდა, რადგანაც აზერბაიჯანს საქართველოს კონკურენტუნარიანი ფასის ბუნებრივი აირით მომარაგება შეუზღუდავად შეეძლო.
კახა კალაძე Gazprom-თან მოლაპარაკებების პირველივე ეტაპიდან აცხადებდა, რომ თუკი საქართველო მეტ რუსულ გაზს შეიძენდა, ეს ძალიან კარგი იქნებოდა. ბოლო შეხვედრის შემდეგ კი, მან თქვა, რომ Gazprom-ი კონტრაქტში ცვლილებებს ითხოვს. მინისტრის განმარტებით, Gazrom-ი ქართულ მხარეს ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას სთავაზობს. კალაძის თქმით, Gazprom-ი ყოველ ათას კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში, რომელსაც რუსეთი სომხეთს საქართველოს გავლით მიაწვდის, კონკრეტულ თანხას გადაიხდის. მინისტრის მტკიცებით, რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები თანხის მოცულობაზე მიმდინარეობს.





