გირჩის ეკონომიკური პროგრამა

გირჩის ეკონომიკური პროგრამა: მხოლოდ რვა სამინისტრო უნდა დარჩეს

ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი

ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა დღეს მედიას ეკონომიკური პროგრამა წარუდგინა. გირჩის წევრები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ეკონომიკას დღეს სჭირდება დაბალი გადასახადები, მთავრობის შეკვეცა და უფლებამოსილებების შეზღუდვა, ასევე, დახმარებების ზრდა.

გირჩის პროგრამის ნაწილია მოგების, საშემოსავლო, ქონების და იმპორტზე გადასახადის გაუქმება, ასევე, თავისუფალი სავალუტო რეჟიმის დაშვება. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, დღეს სახელმწიფოს დახმარება ნაწილდება ყველაზე ერთნაირად, ახალი პოლიტიკური ცენტრის ეკონომიკური პროგრამის მიხედვით კი, ყველაზე მეტ დახმარებას ღარიბი ოჯახები მიიღებენ.

გირჩის ეკონომიკური პროგრამის მიხედვით, დარჩება მხოლოდ რვა სამინისტრო. პრეზენტაციის დროს ითქვა ისიც, რომ "მთავრობა უნდა დავსვათ დიეტაზე და საქართველო უნდა გახდეს ბიზნესის კეთებისთვის საუკეთესო ადგილი დედამიწაზე".

ახალი პოლიტიკური ცენტრის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გეგმავენ დეტალური პროგრამის გაცნობას ყველა დაინტერესებული პირისთვის - იქნება შეხვედრები ახალგაზრდებთან, ბიზნესის წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე მთავრობასთან ან ნებისმიერ პარტიასთან, რომელსაც სურვილი ექნება.

გირჩის ეკონომიკური პროგრამის მიხედვით, მთავრობა ვალს არ იღებს. ასევე, სახელმწიფო ქონების, განსაკუთრებით საწარმოების, პრივატიზაციის ტემპი დაჩქარდება. ახალი პოლიტიკური ცენტრი მიწის რეფორმასაც გეგმავს და აცხადებს, რომ წიაღისეული ან ნებისმიერი სხვა ფასეულობა, რომელიც მესაკუთრის ტერიტორიაზე შესაძლოა აღმოჩნდეს, მესაკუთრის ისეთივე საკუთრება იქნება, როგორც ზედაპირზე მოყვანილი მოსავალი.

ასევე, გირჩი გეგმავს ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას და ეკონომიკური დანაშაულის ჩამდენი ადამიანები ვალდებული იქნებიან, აანაზღაურონ მიყენებული ზიანი.

ეკონომიკური პროგრამის თანახმად, გართულდება ბიზნესისთვის საბანკო ანგარიშების გაყინვა, ასევე, შემოსავლების სამსახურის მიერ ბიზნესისთვის საბანკო ანგარიშიდან ფულის მოჭრა.

"ეკონომიკური რეფორმების შედეგი იქნება ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის გაუმჯობესება, ინვესტიციების მოცულობის და ეკონომიკის ზრდა.
სამაგალითოდ: 2007 წელს საქართველო 12%-ზე მეტით გაიზარდა. ინვესტიციის მოცულობა იყო ეკონომიკის 19%, ხოლო მთავრობის ზომა ეკონომიკის 31%. იგივე პროპორციით 2017 და შემდგომ წლებში ინვესტიციის ეკონომიკასთან წილი და 20%-მდე დაპატარავებული მთავრობა 15%-იანი ეკონომიკური ზრდის წინაპირობაა", - წერია გირჩის პროგრამაში.

კომენტარები