ჩინეთი

ჩინეთის ეკონომიკური ზრდა ბოლო 25 წლის მინიმუმამდე შემცირდა

ჩინეთის დროშის აღმართვა 2008 წლის ოლიმპიადაზე
Reuters

2015 წელს ჩინეთის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ბოლო 25 წლის მინიმუმამდე შემცირდა და 6.9% შეადგინა. 

ჩინეთი განვითარებადი მსოფლიოს ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელია, მისი ეკონომიკის შენელება კი ყველა განვითარებადი ქვეყნის ეკონომიკის, განსაკუთრებით კი აზიური ქვეყნების ეკონომიკური ზრდის დამუხრუჭებაში აისახება.

1990 წლის შემდეგ ჩინეთში ყველაზე დაბალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსრდა, რისი მიზეზიც 2015 წელს დაწყებული საფონდო ვარდნაა, რომელიც დღემდე გრძელდება. 2015 წლის გაზაფხულზე ჩინური ბირჟები განსაკუთრებული მომგებიანობით გამოირჩეოდნენ, ამ დროს პრაქტიკულად ყველა კომპანიის აქციების ღირებულება რეალურ ღირებულებასთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც ივნისში პანიკური ვაჭრობა და ბირჟიდან ტრილიონობით დოლარის გაქრობა მოჰყვა.

ჩინეთის ეკონომიკის შენელება ნედლეულის ფასებზეც უარყოფითად აისახება, რადგანაც არსებობს ვარაუდი, რომ ქვეყანა მომავალში უფრო ნაკლები რაოდენობით ნედლეულს მოიხმარს, რაც პროდუქციის ფასების შემცირებას იწვევს. ნავთობის ფასების ვარდნის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ჩინეთში არსებული შენელებაა. 

ბირჟების ვარდნა ჯერჯერობით ეკონომიკის ყველა სექტორზე არ გადასულა, თუმცა მისი სამშენებლო სექტორზე გადასვლის შემთხვევაში ქვეყანაში გაცილებით უფრო დიდი კრიზისი შეიძლება დაიწყოს. ჩინეთში გასული წლების მანძილზე უძრავ ქონებაზე ფასები ბანკებში არსებულ საპროცენტო განაკვეთებზე სწრაფად იზრდებოდა, რის გამოც მოსახლეობა საკუთარი დანაზოგებით უძრავ ქონებას ყიდულობდა, ამ სექტორში კრიზისის დაწყება კი მოსახლეობასა და მსოფლიო ეკონომიკაზე მნიშვნელოვნად აისახება, რასაც პოტენციურად ახალი გლობალური ფინანსური კრიზისის გამოწვევაც შეუძლია, რის შესახებაც ჯორჯ სოროსიც საუბრობს და ინვესტორებს მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს.

შანხაის კომპოზიტური ინდექსი გასული წლის მანძილზე:


ფოტო: bloomberg.com

კომენტარები