ფოკუსი

14 იანვარი, 2016

- „არა გაზპრომს" -ამ სახელწოდებით დღეს თბილისში სხვადასხვა ადგილას აქცია გაიმართა. დღევანდელი აქცია შაბათს კანცელარიასთან დაგეგმილი ფართომასშტაბიანი აქციის ნაწილია, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი პლატფორმა დაიცავი თავისუფლებაა. დღევანდელ აქციაზე დაიცავი თავისუფლებას წევრები, მძღოლებს სურვილის შემთხვევაში, ავტომობილებზე სტიკერებს აკრავდნენ წარწერით, „ არა გაზპრომს."
ფართომასშტაბიანი აქცია შაბათს, 16 საათზე, კანცელარიასთან გაიმართება.
- აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია სოკარის პრეზიდენტის როვნაგ აბდულაევის თქმით, მისი და პრემიერის შეხვედრა პროდუქტიული იყო. აბდულაევი ამბობს, რომ საქართველოში სოკარის ყველა პროექტი შეუფერხებლად მიმდინარეობს. აბდულაევს საქართველოსა და გაზპრომს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.
- თბილისის მერმა ახალი მოადგილე გიორგი ლილუაშვილი წარადგინა. ლილუაშვილის კანდიდატურას საკრებულოს კომისიის სხდომებზე განიხილავენ, შემდეგ კი დასამტკიცებლად საკრებულოს წარუდგენენ სხდომაზე, რომელიც ხვალ არის ჩანიშნული. ლილუაშვილი დღემდე ქართუ ჯგუფის წევრი იყო.
- პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს დროშის დღის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება გაიმრთა. გიორგი მარგველაშვილი ცხრა რეგიონიდან ჩამოსულ სტუდენტებს შეხვდა, რომლებმაც დღეს რეგიონის ადმინისტრაციულ შენობებთან დროშები აღმართეს და თბილისში ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდნენ.

კომენტარები