ერაყელი სტუდენტები საქართველოში

წულუკიანი: ერაყელ სტუდენტებს ბინადრობის უფლება უსაფრთხოების გამო შევუწყვიტეთ

ტაბულა

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, ერაყელი სტუდენტებისთვის ბინადრობის უფლების შეჩერება ქვეყნის უსაფრთხოებას ეკავშირდებოდა. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა.

"თუ ვადა არ აქვთ გასული, ამ პირებს შეუძლიათ, გაასაჩივრონ სასამართლოში. ბინადრობის უფლების გაგრძელებაზე უარი დაკავშირებული იყო, როგორც ეს გადაწყვეტილებაშივეა ასახული, სხვადასხვა შეფასებით მოსაზრებებთან, რომელიც კავშირშია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასთან", - განაცხადა წულუკიანმა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ერაყის რვა მოქალაქეს ბინადრობის ნებართვა შეუწყვიტა. უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის მე-18 მუხლის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს იმ შემთხვევაში აქვს უფლება, უარი უთხრას უცხოეთის მოქალაქეს საქართველოში ბინადრობის ნებართვაზე, თუ არსებობს კომპეტენტური სამსახურის შესაბამისი დასკვნა, რომ ეს პიროვნება სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერაყელმა სტუდენტებმა ბინადრობის ნებართვის ჩამორთმევა რამდენიმე დღის წინ აქციაზე გააპროტესტეს. მათ ქვეყნის დატოვება 30 დღეში მოუწევთ. ერაყელ სტუდენტებს სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი უნივერსიტეტმაც მისცა. სტუდენტების თქმით, ბინადრობის უფლების შეჩერების მიზეზი არ განუმარტეს და მხოლოდ ის უთხრეს, რომ მათი საქართველოში ყოფნა საშიშია.

კომენტარები