საგადასახადო სისტემა

პრემიერი: რეინვესტირებისას, კომპანიები მოგების გადასახადს არ გადაიხდიან

facebook.com/KvirikashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობამ საგადასახადო ლიბერალიზაციის კუთხით აქტიური მუშაობა დაიწყო. კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თქვა, რომ განიხილავენ საგადასახადო სისტემის ესტონური მოდელის ელემენტების დამკვიდრებას.

"კერძოდ, საქმე ეხება მოგების გადასახადის დაბეგვრას მხოლოდ და მხოლოდ მოგების განაწილების შემთხვევაში, ანუ საუბარი ეხება იმას, რომ მოგება, რომელიც შეიქმნება კომპანიებში, ეკონომიკაში, დაიბეგრება მხოლოდ და მხოლოდ განაწილების დივიდენტად გაცემის შემთხვევაში. ხოლო თუ მოხდება მოგების რეინვესტირება, კომპანიები არ გადაიხდიან მოგების გადასახადს. ეს ხელს შეუწყობს საინვესტიციო რესურსისა და ადგილზე არსებული პოტენციალის მობილიზებას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და აღნიშნა, რომ შესაბამის კანონპროექტს მთავრობა უახლოეს პერიოდში განიხილავს.

"ჩვენ აქტიურად დავიწყეთ მუშაობა სავალუტო ფონდის ადგილობრივ წარმომადგენლობასთან. რა თქმა უნდა, მაქსიმალურს გავაკეთებთ და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სავალუტო ფონდთან პარტნიორობის შენარჩუნება. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში იქნება შესაძლებელი, მზა კანონპროექტი განვიხილოთ მთავრობის სხდომაზე და შემდეგ გადავგზავნოთ პარლამენტში. კონსულტაციები ამ მიმართულებით საპარლამენტო გუნდთანაც მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხს არა მხოლოდ უმრავლესობის წევრები დაუჭერენ მხარს", - აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

მოგების გადასახადის რეფორმა ჯერ კიდევ 2015 წლის მარტში სავალუტო კრიზისის გამო დაანონსდა, ფინანსთა სამინისტრომ ესტონელი ექსპერტებიც მოიწვია და მათთან ერთად სამუშაო მოდელი შექმნა. მინისტრი მაშინ ამბობდა, რომ გადასახადის რეფორმა საჯარო სექტემბერში გახდებოდა, თუმცა მაშინ ფინანსთა სამინისტრომ რეფორმის პროექტი არ წარადგინა, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ კი 15 იანვარს განაცხადა, რომ კონსულტაციები გრძელდება კანონპროექტი კი მზად შესაძლოა გაზაფხულისთვის იყოს. 

კომენტარები