პაპავა: თუ მთავრობა Gazprom-ის მოთხოვნას დათანხმდა, ეს დიდი დანაშაული იქნება

ჩვენ თუ ტრანზიტის საფასურის ფულით მიღებას დავთანხმდით, მოხმარებული გაზის 12% საყიდელი გვექნება და ვისგან უნდა ვიყიდოთ? გაზის ტრანსპორტირებას გაზსადენი სჭირდება, მას ტანკით ვერავინ მოიტანს. ჩვენ ჩვენთვის აუცილებელი გაზის ოდენობა იმ გაზის მილიდან უნდა მივიღოთ, რაც დღეს არსებობს. გარდა ამისა, გაზპრომთან გაუგებარი თამაშებით ჩვენ შესაძლოა გავანაწყენოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანი. არაა გამორიცხული, ასეთ შემთხვევაში აზერბაიჯანმა ჩვენ შედარებით დაბალ ფასში აღარ მოგვცეს მისი გაზი. შესაძლოა ისე გამოვიდეს, რომ იმ ფულით, რასაც გაზპრომი გვთავაზობს, ვერც აზერბაიჯანული და ვერც რუსული გაზი ვერ ვიყიდოთ. თუ ჩვენ თავი რუსეთის ამგვარი ზეწოლის ქვეშ მოვიხვედრეთ, შემდეგ მოგვიწევს ხელების გაშლა და თქმა - თავს ზევით ძალაა არაა და შევიდეთ ევრაზიულ კავშირში, თუ არა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაზი საგრძნობლად გაგვიძვირდება. მთავრობა აცხადებს, რომ რუსებს აქვთ ასეთი არგუმენტი - მსოფლიოში არ არის პრაქტიკა, რომ ტრანზიტისთვის საფასურს ნატურაში იღებდნენ და ამიტომ გადავიდეთ ფულით ანაზღაურებაზეო. ეს არ გახლავთ ძლიერი არგუმენტი და აი, რატომ - ეს სატრანზიტო ხელშეკრულება ახლა პირველად რომ დგებოდეს, ეს არგუმენტი სერიოზული იქნებოდა, მაგრამ ეს ხელშეკრულება 20 წელიწადზე მეტია არსებობს და მის გამართულად მოქმედებას აქამდე საფრთხე არ შექმნია. თუ საქართველოს მთავრობა რუსული წინადადებების მიღებაზე წავიდა, ეს არ იქნება შეცდომა, ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა და დანაშაული.

თსუ-ს რექტორი ლადო პაპავა სააგენტო ინტერპრესნიუსთან.

კომენტარები