სისტემური დანაშაული

პრეზიდენტი პროკურატურას "სისტემურ დანაშაულებზე" ინფორმაციას წერილობით სთხოვს

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ "სისტემური დანაშაულის შესახებ" საქმეების გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურას წერილობით მიმართა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტაციამ პრეზიდენტის მრჩეველის კახა კოჟორიძის მიერ პროკურატურისთვის გაგზავნილი წერილი გაასაჯაროვა, სადაც კოჟორიძე საგამოძიებო უწყებას კონკრეტული კითხვებით მიმართვას.

„2016 წლის 13 იანვარს, გაკეთებული განცხადებით თქვენ გამოთქვით მზადყოფნა, რომ აღნიშნულ კითხვებს გასცეთ პასუხები, იმ შემთხვევაში თუ ოფიციალურად მოგმართავთ განცხადებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წერილობით განგიმარტავთ პრეზიდენტის მიერ დასმული კითხვების შინაარსს და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გთხოვთ, საზოგადოებას საჯაროდ აცნობოთ 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე: 

  1. წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მუხლებით რამდენი პირის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი?
  2. აღნიშნული გამამტყუნებელი განაჩენებიდან რამდენ პირს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება? თითოეულ შემთხვევაში რა სასჯელზე მოხდა შეთანხმება?
  3. აღნიშნული მუხლებით რამდენი პირის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის განხილვა სასამართლოში?
  4. იმავე მუხლებით რამდენი პირია ბრალდებულად ცნობილი? (ვგულისხმობთ საქმეებს, სადაც პირი ცნობილია ბრალდებულად, მაგრამ სასამართლოში არ არის საქმე გადაგზავნილი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.)
  5. იმავე მუხლებით რამდენ საქმეზე მიმდინარეობს და რა ეტაპზეა გამოძიება?
  6. რამდენი პირის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი ათასობით აღმოჩენილ უკანონო, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით? რამდენი პირის მიმართ არის დაწყებული დევნა?“- წერია პრეზიდენტის ადმინიტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წერილის გასაჯაროვებამდე ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა თავად საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და  მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძემ. 

"საქართველოს მთავარი პროკურორის განცხადების შემდეგ საჭიროდ ჩავთვალე, წერილობით მიმემართა პროკურატურისთვის და დეტალურად განმემარტა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საჯაროდ დასმული კითხვების შინაარსი. ეს წერილი უკვე გაგზავნილია საქართველოს პროკურატურაში და იმედია, საზოგადოება მიიიღებს ინფორმაციას, თუ როგორ მიმდინარეობს გამოძიება სისტემურ დანაშაულებთან დაკავშირებით," - განაცხადა კოჟორიძემ.

ცნობისთვის, მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პრეზიდენტის 26 დეკემბრის განცხადებაზე თქვა, რომ ე.წ სისტემური დანაშაულების გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, მისთვის პრეზიდენტს წერილობით არ მიუმართავს.

"მე ვფიქრობ, ეს არის უბრალოდ კომუნიკაციის პრობლემა, ჩვენ მზად ვართ პრეზიდენტთანაც ვითანამშრომლოთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მის წინაშე ანგარიშვალდებული არ ვართ, ჩვენთვის მას არ მოუმართავს კითხვებით და თუ მოგვმართავს, მზად ვართ პასუხი გავცეთ" - თქვა შოთაძემ.

26 დეკემბერს, ტელეკომპანია იმედის ეთერში გიორგი მარგველაშვილმა მთავარ პროკურატურას მიმართა, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, რა სტადიაზეა სისტემურ დანაშაულებთან დაკავშირებული საქმეების გამოძიება.

კომენტარები