შობა

ომბუდსმენი სომეხ ხალხს ქრისტეშობას და ნათლისღებას ულოცავს

უჩა ნანუაშვილი

საქართველოს სახალხო დამცველი სომეხ ხალხს ქრისტეშობისა და ნათლისღების დღესასწაულებს ულოცავს. უჩა ნანუაშვილი მათ ოჯახებს მშვიდობას, კეთილდღეობას და ჯანმრთელობას უსურვებს.

"სომეხთა და ქართველთა შორის საუკუნეების მანძილზე არსებული კეთილმეზობლური დამოკიდებულება სამაგალითოა და ამ ძვირფას მონაპოვარს მომავალი თაობებიც უნდა უფრთხილდებოდნენ. ისტორიული განვითარების გზაზე  ჩვენი ერები და ეკლესიები ხშირად  მდგარან ერთნაირი გამოწვევების წინაშე, თუმცა მაინც მოახერხეს დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნება. დღეს ჩვენი მთავარი გამოწვევა თანასწორი უფლებების სრული რეალიზებაა. ვუსურვებ საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ სომხებს სამართლიან, ტოლერანტულ, თანასწორუფლებიან გარემოში ცხოვრებასა და განვითარებას" - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

სომეხთა წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია დღეს, 6 იანვარს, უძველესი ტრადიციით ქრისტეშობისა და ნათლისღების დღესასწაულს ერთდროულად აღნიშნავს. სომეხთა ეკლესია მიიჩნევს, რომ ქრისტე თავისივე დაბადების დღეს მოინათლა. ამასთან, ეს ტრადიცია შეიძლება დაკავშირებული იყოს ბიბლიურ შესაქმესთან, სადაც ადამიანი ღმერთმა მეექვსე დღეს შექმნა. ქრისტე ახალ ადამად, კაცობრიობის განმაახლებლად არის მოაზრებული და შესაბამისად, მის შობას სწორედ წლის მეექვსე დღეს აღნიშნავენ.

კომენტარები