ახალი მთავრობა

პარლამენტი მთავრობისათვს ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობს

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

პარლამენტი პრემიერმინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე დღეს იმსჯელებს. საკანონმდებლო ორგანოში რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა უკვე დაიწყო. დღის წესრიგის მიხედვით პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მთავრობის პროგრამა უნდა წარადგინოს, რის შემდეგაც სხდომა კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. სიტყვით გამოსვლით სარგებლობის უფლება ექნებათ ფრაქციების წარმომადგენლებსაც და ამის შემდეგ გაიმართება კენჭისყრა.

საპარლამენტო კომიტეტებმა მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატებს მხარი გუშინ დაუჭირეს. პრემიერმინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატების მოსმენა გუშინ საპარლამენტო კომიტეტებში, პარალელურ რეჟიმში, რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცნობილია, რომ მთავრობას და მათ მიერ წარმოდგენილ პროგრამას საპარლამენტო უმცირესობა მხარს არ უჭერს.

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა. საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილი დაასახელა, მან კი, პარლამენტს ნდობის გამოსაცხადებლად მთავრობა თითქმის უცვლელი შემადგენლობით წარუდგინა. მინისტრობის ერთადერთი ახალი კანდიდატი მიხეილ ჯანელიძეა, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის პოსტზე არის წარდგენილი.

კომენტარები