არაფორმალური მმართველობა

კვირიკაშვილი: არაფორმალური მმართველობა ჩვენს ქვეყანაში არ არის

ვერანაირად ვერ გავიზიარებ არაფორმალური მმართველობის, თვითონ ამ ტერმინის არსებობის უფლებას. არაფორმალური მმართველობა არ არის ჩვენს ქვეყანაში. ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკური გავლენის მქონე ფიგურა. მე არ ვიცი, თქვენი აზრი როგორია, არ ვიცი, თქვენ როგორ ფიქრობთ, პოლიტიკური გავლენა რისთვის სჭირდება ბატონ ბიძინას? მე არ ვარ არც მისი ადვოკატი და არც მისი დამცველი. აქედან მინდა დავიწყო, ის პოლიტიკაში შემოვიდა, თავისი ნებით წავიდა, მას სიმდიდრე არ მოუხვეჭავს ამ ქვეყანაში, წლების განმავლობაში მან მილიონობით ლარი თუ დოლარი, როგორც გნებავთ, თქვენ დოლარებში ითვლით ფულს, დახარჯა იმისთვის, რომ ქვეყნის, არაერთი ადამიანის, სხვადასხვა სფეროს, კულტურული მემკვიდრეობის მქონე ძეგლების მდგომარეობა გამოესწორებინა. ძალიან გთხოვთ, რომ დაინახოთ ყოველთვის დადებითი მომენტები. ასობით ძეგლი საქართველოში იქნა აღდგენილი. ბიძინა ივანიშვილს არ გამოუყენებია თავისი ხელისუფლება იმისთვის, რომ მას სიმდიდრე მოეხვეჭა, პირიქით, მან საკუთარი რესურსი დააბანდა და დახარჯა ქვეყნის საკეთილდღეოდ. მაგრამ ის არის პოლიტიკური გავლენის მქონე ფიგურა და, რა თქმა უნდა, მე ამას ვადასტურებ.

პრემიერმინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე.

კომენტარები