სამთავრობო ცვლილებები

ბოკერია: კვირიკაშვილი ივანიშვილისგან თავს იზღვევს

გიგა ბოკერია
ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას შეფასებით, კვირიკაშვილის განცხადებები ივანიშვილის მოულოდნელი გადაწყვეტილებებისგან წინასწარ თავის დაზღვევას ჰგავს. გიორგი კვირკაშვილმა განაცხადა, რომ ის ამ ეტაპზე პარლამენტს მინისტრთა კაბინეტს უცვლელად წარუდგენს, მისი დამტკიცების შემდეგ კი გარკვეული საკადრო ცვლილებების შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

"მან თქვა, რომ არ გამორიცხავს ცვლილებებს მას შემდეგ რაც პარლამენტი მინისტრთა კაბინეტს დაამტკიცებს. ახლა მტკიცდება მინისტრთა კაბინეტი, რომელიც არ არის ერთი თვისთვის განსაზღვრული, ახლა უნდა გაირკვეს თუ ვის უცხადებს ნდობას პარლამენტი და ამ დროს კი კვირიკაშვილი გვეუბნება, რომ ახლა ეს დამიმტკიცეთ და მერე კიდევ ვნახოთ შესაძლოა გარკვეული გადაადგილებები მაინც მოვახდინოთო. მე შემიძლია ვივარაუდო, რომ ამ განცხადებით თავს იზღვევს კვირიკაშვილი, რადგან მან არ იცის  თუ რა მოუვა თავში ივანიშვილს ხვალ და ზეგ. ივანიშვილმა ხვალ ან ზეგ რომ უთხრას გააგდე ეს ოთხი მინისტრი თავს იზღვევს და ამბობს, რომ ცვლილებები არ არის გამორიცხული."- ამბობს ბოკერია.

კვირიკაშვილი ამბობს, რომ პარლამენტის მიერ ამჟამინდელი კაბინეტის დამტკიცების შემდეგ ის უფრო სიღრმისეულად გაიცნობს იმ მინისტრებს, რომლებთან ერთადაც უკვე სამი წელია მუშაობს. კვირიკაშვილის თქმით, სწორედ გაცნობის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებებს იმის შესახებ თუ რომელი უწყებების ხელმძღვანელები შეცვალოს.

"ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, მე მომეცემა საშუალება, უკვე პრემიერ-მინისტრის პოზიციიდან, ღრმად და დეტალურად გავეცნო თითოეული სამინისტროსა და მინისტრის საქმიანობას, მათ სტრატეგიას, გრძელვადიან და მოკლევადიან გეგმებს, რაც დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ სწორი და რაციონალური გადაწყვეტილების მიღების საშუალებას მომცემს. არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს მომავალში მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები განხორციელდება."- წერია კვირიკაშვილის განცხადებაში.

კომენტარები