იუველირია

მსოფლიოს მეორე ყველაზე დიდი ალმასი აღმოაჩინეს

Portland Communications

1.111-კარატიანი ალმასი ბოტსვანაში კომპანია Lucara Diamond-ის მაღაროში აღმოაჩინეს, მისი სახელია Karowe AK6. Karowe AK6 გასული ასწლეულის მანძილზე აღმოჩენილ ალმასებთან შედარებით ყველაზე დიდია, ის ზომით მხოლოდ 1905 წელს სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილ ქალინანს ჩამოუვარდება.

Karowe AK6-ის ფასის განსაზღვრა ამ დროისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგანაც იგი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ხარისხის ზუსტ შეფასებასა და საბოლოო პროდუქტის სახის განსაზღვრაზე.

Lucara Diamond-ის ბოტსვანის მაღაროებში მსხვილი აღმოჩენები 7-8 წელიწადში ერთხელ ხდება. წინა მსხვილი აღმოჩენა 2008 წელს მოხდა, როდესაც 341.9-კარატიანი ალმასი იპოვეს. მაშინ ალმასი $20.6 მილიონად გაიყიდა.

ალმასისა და ბრილიანტის ფასები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, შესაძლოა ბრილიანტის ღირებულება საწყის ქვასთან შედარებით ხუთჯერ ან ექვსჯერ მეტიც იყოს. ანტვერპენში ქვის ზუსტი მაგნიტურ-რეზონანსური დასკანერების შემდეგ გახდება შესაძლებელი ზუსტი შეფასება, თუ როგორ ნაწილებად უნდა დაიჭრას და დაწახნაგების რა მეთოდოლოგიით მიიღონ ბრილიანტი. ყველა დროის უდიდესი 3,106-კარატიანი ქალინანის ალმასი 9 დიდ და 96 პატარა ბრილიანტად დაყვეს.

დამუშავებული ალმასის (ბრილიანტის) ფასი კი პირვანდელი ქვის ღირებულებას მნიშვნელოვნად აღემატება, მაგალითად, სოთბის სახლის მიერ დეკემბერში გაყიდული ყველაზე ძვირადღირებული ბრილიანტი 12.03 კარატი იყო, მისმა ფასმა კი $48 მილიონი შეადგინა. 

კომენტარები