ლგბტ უფლებები

WISG და EMC: ლგბტ პირთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე რეაგირება არაეფექტურია

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) შეფასებით, ლგბტ პირთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე სახელმწიფოს რეაგირება არაეფექტურია. მათ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ლგბტ პირთა უფლებების დაცვის სფეროში, 2015 წელს, სასამართლოს მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები შეაჯამეს. ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ 2013 წლის 17 მაისის საქმეზე სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო აქციის ჩაშლისა და შეკრების მონაწილეების მიმართ გამოვლენილი ძალადობის ფაქტებზე ეფექტური გამოძიების ჩატარება, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კი არ აკმაყოფილებს დასაბუთებულობის სტანდარტს. მათი შეფასებით, სახელმწიფომ, ერთი მხრივ, არ უზრუნველყო პოზიტიური ვალდებულებების შესრულება, 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი (აიდაჰო) მიძღვნილი შეკრების მონაწილეების შეკრების თავისუფლებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით. მეორე მხრივ, მან არ მიიღო სათანადო ზომები კონტრდემონსტრანტების მხრიდან გამოვლენილი მასობრივი ძალადობის ფაქტების სათანადო გამოძიების, დამნაშავე პირების გამოვლენისა და დასჯის მიზნით.

"ეს კი უმრავლესობისა და დომინანტი რელიგიური ინსტიტუციის მიმართ მის ლოიალობას აჩვენებს. აღსანიშნავია, რომ აქციის დარბევის შემდეგ, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის, მოქმედი პრემიერ-მინისტრის საჯარო განცხადებები ავლენდა ღია ლოიალობას ძალადობრივი კონტრდემონსტრანტების მიმართ და ლგბტ თემის მარგინალიზაციის ნიშნებს შეიცავდა", - აცხადებენ ორგანიზაციები.

WISG-ისა და EMC-ის მტკიცებით, 2013 წლის 17 მაისს გამოვლენილი ძალადობის მასშტაბისა და ბუნების გათვალისწინებით, საგამოძიებო ორგანოების არაეფექტური მუშაობა და სასამართლოს გამამართლებელი გადაწყვეტილება დაუსჯელობის გარემოს ქმნის და ახალისებს ლგბტ თემის მიმართ მტრობასა და ძალადობას. ისინი აღნიშნავენ, რომ 2013 წლის 17 მაისის შემდეგ, უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო, 2014 წელს, ლგბტ თემმა საერთოდ ვერ შეძლო ესარგებლა შეკრების თავისუფლებით. 2015 წელს ჩატარებული რამდენიმე პარალელური აქცია კი, შეზღუდული იყო დროის, მონაწილეებისა და სივრცის თვალსაზრისით.

"ამგვარად, დღეისათვის არსებული მდგომარეობით, ლგბტ ჯგუფის წევრები და მათი მხარდამჭერები ვერ ახერხებენ შეკრების თავისუფლების სრულყოფილ სარგებლობას. შეკრების დარბევისა და ძალადობის ყველაზე სერიოზულ საქმეზე სახელმწიფოს არაეფექტური რეაგირება კიდევ უფრო აძლიერებს მათ შიშებს და აღრმავებს უნდობლობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ", - ნათქვამია WISG-ისა და EMC-ის ერთობლივ განცხადებაში.

კომენტარები