მთავრობის 3-წლიანი ანგარიში

გაბაშვილი: დღეს პრემიერი მოსახლეობას უყვებოდა, როგორი საამურია ცხოვრება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ გიორგი გაბაშვილის შეფასებით, პრემიერის დღევანდელი ანგარიში აბსოლუტურად აცდენილი იყო რეალობას.

"მას შემდეგ, რაც გასულ კვირას დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ საარჩევნო დაპირება შეასრულა და უკვე დარგო ნახევარი მილიონი ხე, თბილისში აღარ არის ორმოები, გვეგონა არაფერი გაგვიკვირდებოდა, მაგრამ დღევანდელი სურათი კიდევ უფრო აბსურდული იყო - ქვეყნის პრემიერმინისტრი, თვითკმაყოფილი მთავრობის მეთაური, დღეს მოსახლეობას უყვებოდა, როგორი საამურია ცხოვრება და როგორი სწორი გზით მიდის ქვეყანა. მინდა, შევახსენო ჩვენს მოსახლეობას, რომ ამ პიარკამპანიის დაგეგმა ჩვენს მოქალაქეებს ჯამში 600 000 ლარი დაუჯდა.

ძალიან სიმბოლურია, რომ პრემიერის ეს პრეზენტაცია NDI-ის კვლევებს დაემთხვა, სადაც აბსოლუტურად პირიქითაა მდგომარეობა გადმოცემული და ყველა დროის კვლევებში დამყარებულია რეკორდი - მოსახლეობის მხოლოდ 18% ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი გზით ვითარდება. აბსოლუტური უმრავლესობა კი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი გზით მიდის. საიდანაა ეს კარდინალურად განსხვავება იმ წარმოდგენებს შორის, რომელიც მთავრობას და ხალხს აქვს? მაგალითად, პრემიერი ღარიბაშვილი სერიოზულად ფიქრობს, რომ მათ გახნსეს 269 ახალი საწარმო, მან ქვეყანას შეატყობინა, რომ 80 ლარით გაზრდილა პენსიები, მაშინ, როცა ვიცით, რომ მსყიდველობითუნარიანობა დაეცა.

ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ეკონომიკა ძალიან ნელა იზრდება, შემცირდა იმპორტი, ექსპორტი და ქვეყანა უღრმეს კრიზისშია. მე არ ჩამოვუყვები იმ ტყუილებს, რომლებიც პრემიერმა დაახვავა, აღვნიშნავ რამდენიმეს - მან განაცხადა, რომ დაიწყო ანაკლიისა და ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი.

ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა პარალელურ რეალობაში იმყოფება, არ აღიარებს კრიზისს და მისი ტაქტიკაა, რომ ადამიანები დაარწმუნოს თითქოს ისინი კარგად ცხოვრობენ.

პრემიერის დღევანდელი პრეზენტაცია იყო ცინიზმით სავსე, აბსოლუტურად სამარცხვინო, მცდელობა, რომ თავდაყირად წარმოაჩინოს რეალობა", - თქვა გაბაშვილმა.

კომენტარები