მთავრობის 3-წლიანი ანგარიში

პრემიერი: საზღვრისპირა რეგიონში მომავლის სოფელი აშენდება

ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ე.წ. საზღვრისპირა რეგიონში მომავლის სოფელი აშენდება. ამის შესახებ მან მთავრობის 3-წლიანი ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

"ვმუშაობთ საზღვრისპირა რეგიონების სოციალურ და ეკონომიკურ გაძლიერებაზე. გვაქვს იდეა, რომელიც ისრაელის გამოცდილებიდან გვსურს, გადმოვიღოთ და განვახორციელოთ საქართველოში - ეს არის ე.წ. მოშავის იდეა. ეს გულისხმობს საზღვრისპირა რეგიონში მომავლის სოფლის აშენებას. ამ იდეაზე ვმუშაობთ. ჩვენი სურვილია, ვეტერანების, დევნილი ვეტერანების ოჯახებს შევთავაზოთ ამ რაიონებში დასახლება და მათთვის განსაკუთრებული პირობების მიცემა", - თქვა პრემიერმა.

ღარიბაშვილისვე თქმით, სოფელ რუხში საავადმყოფოსა და სავაჭრო ცენტრის აშენებაც იგეგმება.

"ასევე გეტყვით, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში აშენდება მრავალპროფილური საავადმყოფო და მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი. ცენტრი ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი მეურნეობის პროდუქციის რეალიზებას, ასევე ჩვენი აფხაზი და ქართველი ძმების კონტაქტების გააქტიურებას", - თქვა პრემიერმა.

კომენტარები