შეწყალების კომისია

ბესელია: მსჯავრდებულებს ვხვდებოდი, ვხვდები და კიდევ შევხვდები

ეკა ბესელია
ტაბულა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ ე.წ. შეწყალების საქმეზე მის მიმართ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდებები ისმის. რუსთავი 2-ის ჟურნალისტის კითხვაზე, ხვდებოდა თუ არა ის კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულ ანასტასია ზაუტაშვილს, ბესელიამ უპასუხა, რომ ის მსჯავრდებულებს ყოველთვის ხვდებოდა და მომავალშიც შეხვდება.

"მე მსჯავრდებულებს ვხვდებოდი, ვხვდები და კიდევ შევხვდები. მტკიცებულებების გარეშე, დასაბუთების გარეშე, მხოლოდ ცილისმწამებლური განცხადებები აკეთოს, ყველა მათგანს გავცე შესაბამისი პასუხი მე ამისთვის მზად ვარ, ამისთვის პირდაპირი ეთერი იქნება ყველაზე კარგი ფორმა, რომ საზოგადოებამ დამახინჯებული ფორმებით კი არ გაიგოს პასუხები, არამედ გაიგოს სრულად პოზიცია," - აღნიშნა ბესელიამ.

ბესელიას თქმით, იმ ადამიანებს, რომლებიც უპასუხისმგებლო განცხადებებს ავრცელებენ, პასუხის გაცემა მოუწევთ.

"ცილისმწამებლური განცხადებები იქნება, ბევრი კომიკური სცენა იქნება, ანონიმური, ცრუ პერსონებით. მაგრამ არანაირი ფაქტები, არანაირი მტკიცებულებები, თუმცა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ყოველგვარი ფაქტების და მტკიცებების გარეშე საჯარო უპასუხისმგებლო ცრუ განცხადებებს აკეთებს, მოუწევს ამაზე პასუხების გაცემა," - დაამატა მან.

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილი მაღალჩინოსნებს მასზე ზეწოლაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ კონკრეტულმა პირებმა პოლიტპატიმრების სიის შედგენის სანაცვლოდ ფული აიღეს. რუსთავის ქალთა კოლონიის ყოფილმა თანამშრომელმა რუსთავი 2-თან ისაუბრა, რომ ეკა ბესელია და მანანა კობახიძე კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულ ანასტასია ზაუტაშვილს ციხის დირექტორის კაბინეტში ღამით ხვდებოდა. მისივე თქმით, ზაუტაშვილმა გათავისუფლების სანაცვლოდ 200 000 ლარი გადაიხადა.

კომენტარები