მედიამონიტორინგი

MDF: მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის თემებს ყველაზე ხშირად GDS-ი არ აშუქებდა

მედიის განვითარების ფონდმა ტელევიზიების საინფორმაციო გადაცემების სარედაქციო პოლიტიკის მონიტორინგის მეორე ანგარიში წარადგინა. მონიტორინგი 2015 წლის 1-30 ნოემბერს ჩატარდა. მედიის განვითარების ფონდი აკვირდებოდა რუსთავი 2-ს, იმედს, საზოგადოებრივ მაუწყებელს, მაესტროს, ტაბულას და GDS-ს. მონიტორინგის სუბიექტებად შეირჩნენ ის ტელეკომპანიები, რომლებიც სატელევიზიო აუდიტორიის გამზომავი კომპანია "ტი-ვი-ემ-არის" რეიტინგებში მოწინავე პოზიციებზე არიან და ყოველდღიური საინფორმაციო პროგრამები აქვთ.

მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ტელეკომპანიები საინფორმაციო ბადის უმეტეს ნაწილს პოლიტიკურ თემებს უთმობდნენ. საერთო თემატიკაში ოთხი ძირითადი ტენდენცია გამოიკვეთა: 1. მოქმედი ხელისუფლების მიმართ კრიტიკის შემცველი სიუჟეტების გაშუქება, რაც მთავრობის არაეფექტურ მუშაობას, უარყოფითი ტონის საერთაშორისო შეფასებებს, ცალკეული მოქალაქეების მიერ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაში დადანაშაულების ფაქტებს, ან თანამდებობის პირის უხამსი ქმედებების გაშუქებას გულისხმობდა; 2. ხელისუფლების საქმიანობა, რაც ხელისუფლების ეფექტური მუშაობის, ვიზიტების, შეხვედრების, დადებითი საერთაშორისო შეფასებების, კვლევებისა და ანგარიშების გაშუქებას გულისხმობდა; 3. ოპოზიციის კრიტიკა, რაც უმეტესწილად, ერთი კონკრეტული პარტიის - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ კრიტიკის შემცველი სიუჟეტებით შემოიფარგლებოდა და 4. ოპოზიციის საქმიანობა.

კვლევის შედეგების თანახმად, მოქმედი ხელისუფლების მიმართ კრიტიკის შემცველი სიუჟეტები ყველაზე დიდი რაოდენობით ორი ტელეკომპანიის - რუსთავი 2-ისა და მაესტროს ეთერში შუქდებოდა. უმეტეს შემთხვევაში, სიუჟეტები ეხებოდა ხელისუფლების არაეფექტურ მუშაობასა და მის მიმართ გამოთქმულ პროტესტს. რაც შეეხება იმედს, საზოგადოებრივ მაუწყებელს და ტაბულას, MDF-ის ცნობით, ეს ტელეკომპანიები თითქმის ერთი და იმავე ინტენსივობით აშუქებდნენ ხელისუფლების მიმართ კრიტიკის შემცველ სიუჟეტებს, GDS-ის ეთერში კი, მოქმედი ხელისუფლების კრიტიკა ყველაზე ნაკლებად შუქდებოდა.

კვლევის თანახმად, მონიტორინგის პერიოდში, ხელისუფლების საქმიანობის გაშუქების მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებელი ლიდერობდა და უმეტესად სახელისუფლო ვიზიტებს, შეხვედრებსა და მთავრობის ეფექტური მუშაობის ამსახველ სიუჟეტებს აშუქებდა. რიგით მეორე, ხელისუფლების საქმიანობის გაშუქების თვალსაზრისით, ტელეკომპანია რუსთავი 2 აღმოჩნდა, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მსგავსად, აღნიშნული სიუჟეტების უდიდესი ნაწილი საგარეო ვიზიტებსა და სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურის მუშაობაზე ჰქონდა გაშუქებული. რიგით მესამე, მოცემული თემის გაშუქების მხრივ, ტელეკომპანია მაესტრო იყო, მას ტაბულა, იმედი და GDS-ი მოსდევდა.

მონიტორინგის მიხედვით, ოპოზიციის მიმართ კრიტიკის შემცველი სიუჟეტების რაოდენობის მხრივ, GDS-ი ლიდერობს. ამასთან, სიუჟეტები ერთი კონკრეტული პარტიის - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ შეიცავდა კრიტიკას. გარდა ამისა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი თემების გამოტოვების თვალსაზრისით, ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ტელეკომპანია GDS-ი გამოიკვეთა.

"ეს, შესაძლოა, უკავშირდებოდეს საინფორმაციო გამოშვებისთვის განკუთვნილი დროის სიმცირეს, თუმცა ასევე შეიძლება უკავშირდებოდეს სარედაქციო პოლიტიკას, რომელშიც გარკვეული თავისებურება გამოიკვეთა", - წერს MDF და აღნიშნავს, რომ "ტელეკომპანიის საინფორმაციო გამოშვებაში გაშუქებული ოპოზიციის კრიტიკის შემცველი სიუჟეტების წილი საინფორმაციო ბადეში, 6-ჯერ აღემატებოდა სხვა ტელეკომპანიების მიერ იგივე თემაზე გაშუქებული სიუჟეტების წილს, რომელიც თითქმის ერთი და იგივე მაჩვენებლით იყო წარმოდგენილი".

რაც შეეხება ოპოზიციის საქმიანობას, ამ საკითხის ყველაზე ფართოდ გაშუქების მხრივ, ტელეკომპანია ტაბულა გამოიკვეთა.

"ტელეკომპანია კონკრეტული პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის შედარებით ინტენსიური გაშუქებით გამოირჩეოდა. მაგალითად, მხოლოდ ტაბულამ გააშუქა აღნიშნული პარტიის მიერ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენა მოგების გადასახადის გაუქმების შესახებ. ტაბულას შემდეგი რიგითობით რუსთავი 2, GDS-ი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და მაესტრო მოჰყვა, ხოლო ყველაზე ნაკლები ინტენსივობით, როგორც აღმოჩნდა, ოპოზიციის საქმიანობას ტელეკომპანია იმედი აშუქებდა", - წერია ანგარიშში.

მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ყველაზე თვალსაჩინო განსხვავება ტელეკომპანია მაესტროს საინფორმაციო პოლიტიკაში გამოიკვეთა. კერძოდ, ტელეკომპანია მაესტროს მიერ გაშუქებული სიუჟეტები ხშირ შემთხვევაში დანარჩენი ტელეკომპანიების მიერ გაშუქებული სიუჟეტებისგან განსხვავდებოდა როგორც თემატური, ისე პრიორიტეტის მინიჭების თვალსაზრისით.

ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის (NED) მხარდაჭერით, მედიის განვითარების ფონდი (MDF) ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობის გაძლიერება და ჟურნალისტთა პროფესიული სტანდარტების გაუმჯობესება. პროექტის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში ჩატარდება მედიაშინაარსის მონიტორინგი, რომლის მიზანია ტელევიზიების საინფორმაციო გადაცემების სარედაქციო პოლიტიკის აღწერა და შემდგომი ანალიზისათვის აუცილებელი ფაქტობრივ მონაცემთა ბაზის შექმნა.

კომენტარები