მედიამონიტორინგი

CDI: ტაბულა ახერხებს დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა (CDI) 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჩატარებული მედიამონიტორინგის შედეგები დღეს, 8 ნოემბერს გამოაქვეყნა. ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის "პროფესიონალური მედია არჩევნებისთვის" ფარგლებში ჩატარებული მედიამონიტორინგი ხორციელდება 2013 წლის 15 ივნისიდან 2013 წლის 15 ნოემბრამდე და მოიცავს საინფორმაციო პორტალის ტიპის 12 ყველაზე რეიტინგულ ქართულ ვებგვერდს: netgazeti.ge, droni.ge, politico.ge (18 სექტემბრამდე), liberali.ge, news.ge, presa.ge, civil.ge, tabula.ge, garbonline.tv, for.ge, dfwatch.net, palitratv.ge, pirveliradio.ge (18 სექტემბრიდან). დღეს გამოქვეყნებული კვლევა 18 სექტემბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით არსებულ პერიოდს მოიცავს.

ონლაინ მედიის მონიტორინგის მეოთხე პერიოდში სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა გამოავლინა შემდეგი ძირითადი მიგნებები:

  • მონიტორინგის მეოთხე პერიოდში ონლაინ მედია, მონიტორინგის წინა პერიოდებთან შედარებით, გაცილებით აქტიურად აშუქებს საპრეზიდენტო კანდიდატთა წინასაარჩევნო კამპანიას.
  • ვებგვერდების უმეტესობა მეტ-ნაკლებად დაბალანსებულად და მიუკერძოებლად აშუქებს საპრეზიდენტო კანდიდატთა საქმიანობას.
  • ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები სისტემატურად ირღვევა ვებგვერდებზე presa.ge, droni.ge და for.ge. ინგლისურენოვან ვებგვერდებზე dfwatch.net და civil.ge (civil.ge სტატიებს აქვეყნებს როგორც ინგლისურ, ასევე ქართულ და რუსულ ენებზე) მონიტორინგის მოცემულ პერიოდში გაიზარდა ვრცელი, ანალიტიკური ხასიათის სტატიების რაოდენობა.
  • მონიტორინგის მეოთხე პერიოდშიც ონლაინ მედიის მთავარ პრობლემებად რჩება საკითხებისადმი ზედაპირული მიდგომა, კრიტიკული ანალიზის ნაკლებობა და ცალკეულ სტატიებში ინფორმაციის წყაროთა სიმცირე.

CDI-ის მონაცემებით, მონიტორინგის მეოთხე პერიოდში, ისევე, როგორც წინა პერიოდებში, tabula.ge საკმაოდ აქტიურად აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. ვებგვერდი გამოირჩევა თემატური მრავალფეროვნებითა და საკითხების მიმართ კრიტიკული მიდგომით. ვებგვერდზე მეტ-ნაკლებად დაცულია ჟურნალისტური ეთიკის ნორმები, თუმცა, ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად tabula.ge-ზე შეიმჩნევა შედარებით ნაკლებად კრიტიკული განწყობა ნაციონალური მოძრაობის მიმართ და, მეორე მხრივ, საკმაოდ კრიტიკული განწყობა მთავრობისა და პრემიერმინისტრის მიმართ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ tabula.ge არ არის ცალსახად მიკერძოებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული ცალკეული სტატიები უმეტეს შემთხვევებში ჟურნალისტური სტანდარტების მაღალ დონეზე დაცვით არის მომზადებული.

"მონიტორინგის სუბიექტებს შორის ყველაზე ინტენსიურად მთავრობის (26%), პრემიერმინისტრისა (21%) და ნაციონალური მოძრაობის საქმიანობა გაშუქდა. საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ვებგვერდზე ყველაზე ინტენსიურად გიორგი მარგველაშვილი (7%), დავით ბაქრაძე (5%), ნინო ბურჯანაძე (3%) და გიორგი თარგამაძე (3%) გაშუქდა. უნდა აღინიშნოს, რომ მონიტორინგის მოცემულ პერიოდში ვებგვერდზე არ დაფიქსირებულა დადებითი ან უარყოფითი ტონების განსაკუთრებულად მაღალი მაჩვენებლები რომელიმე სუბიექტის მიმართ.

მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ tabula.ge საკმაოდ აქტიურად აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესს. ცალკეულ სტატიებში, უმეტეს შემთხვევებში, დაცულია ჟურნალისტური სტანდარტები. თვისებრივი დაკვირვების შედეგად ვებგვერდზე შეიმჩნევა შედარებით დადებითი განწყობა ნაციონალური მოძრაობის მიმართ, თუმცა, საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ვებგვერდი ცდილობს დაიცვას ჟურნალისტური სტანდარტები და ხშირ შემთხვევებში ახერხებს მკითხველისთვის დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას. ასევე, ვებგვერდი გამოირჩევა თემატური მრავალფეროვნებითა და საკითხების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით", - ნათქვამია  ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული მედიამონიტორინგის ანგარიშში.

CDI-ის მონაცემებით, ინტერნეტგამოცემა civil.ge საკმაოდ დაბალანსებულად და მიუკერძოებლად აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. დაცულია ჟურნალისტური ეთიკის ნორმები. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ მონიტორინგის მოცემულ პერიოდში ვებგვერდზე შედარებით გაიზარდა ვრცელი, ანალიტიკური ხასიატის სტატიების რაოდენობა.

მონიტორინგის ანგარიშში ინტერნეტგამოცემა netgazeti.ge-ზე წერია, რომ მედიასაშუალება საკმაოდ მიუკერძოებლად აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. მაღალ დონეზეა დაცული ჟურნალისტური ეთიკის ნორმები. აღსანიშნავია, რომ ვებგვერდი გამოირჩევა საკითხების სიღრმისეული გაშუქებითა და საკითხებისადმი კრიტიკული მიდგომით.

CDI-ის მედიამონიტორების შეფასებით, ასევე მიუკერძოებლად აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს liberali.ge. მედიასაშუალებაში მაღალ დონეზეა დაცული ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები. მონიტორინგის შედეგად მსგავსი შეფასება დაიმსახურა რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ვებგვდრდმა garbonline.tv, ასევე ინგლისურენოვანმა ქართულმა ვებგევრდმა dfwatch.net.

CDI-ის შეფასებით, ჟურნალისტთა მხრიდან დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიის გამოყენების შემთხვევები ხშირია ვებგვერდებზე presa.ge, და for.ge. მონიტორინგის წინა პერიოდებთან შედარებით, გახშირებულია ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევის შემთხვევები ვებგვერდზე droni.ge.

ონლაინმედიის ძირითად პრობლემებს შორის კვლავ რჩება საკითხების ზედაპირული გაშუქება, კრიტიკული ანალიზის ნაკლებობა და ცალკეულ სტატიებში ინფორმაციის წყაროთა სიმცირე.

 

 

კომენტარები