პატიმრების შეწყალება

კოჟორიძე: პრეზიდენტი ადასტურებს, რომ ელისაშვილმა მესიჯები წააკითხა

primetimenews.ge

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ადასტურებს, რომ ალეკო ელისაშვილმა, შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში, მას მესიჯები წააკითხა. ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ ისაუბრა.

"იმ პერიოდში, რა პერიოდზეც ალეკო ელისაშვილი საუბრობს, მე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ ვმუშაობდი და, შესაბამისად, მე ამ შეხვედრას არ ვესწრებოდი, თუმცა ალეკოს გაკეთებული განცხადების შემდეგ მე დავინტერესდი ამ თემით და ვკითხე პრეზიდენტს, მსგავსი სახის შეხვედრა მართლა შედგა თუ არა. პრეზიდენტმა მითხრა, რომ ასეთი შეხვედრა შედგა. ალეკო ამ კუთხით მართალს ამბობს. მართალს ამბობს იმ კუთხითაც, რომ პრეზიდენტს ნამდვილად წააკითხა მესიჯები", - თქვა კოჟორიძემ.

როგორც კოჟორიძე ამბობს, თავად მან აღნიშნული მესიჯების შინაარსი არ იცის.

"დიახ, პრეზიდენტი ადასტურებს, რომ მას ალეკო ელისაშვილმა ნამდვილად წააკითხა მესიჯები, თუმცა მე არ ვიცი ამ მესიჯების შინაარსი. მართალია ალეკო იმ შემთხვევაშიც, როცა ამბობს, რომ ის ესაუბრა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსსაც. მე ვიცი არა მხოლოდ ალეკო ელისაშვილისგან, არამედ პრეზიდენტისგან", - აღნიშნა კოჟორიძემ.

შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა გუშინ პრეზიდენტს თხოვნით მიმართა, დაედასტურებინა ან უარეყო, წააკითხა თუ არა მას მესიჯები. ასევე გუშინ პროკურორმა კოკა კაციტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ალეკო ელისაშვილის მიერ პროკურატურაში მიტანილ მობილურ ტელეფონში არ აღმოჩნდა იმ მაღალჩინოსნების მესიჯები, რომლებსაც ის ასახელებს. ელისაშვილი კი პროკურატურას უნდობლობას უცხადებს.

ალეკო ელისაშვილი ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში მასზე ზეწოლაში ადანაშაულებს. ელისაშვილი კონკრეტულ გვარებს არ ასახელებს, თუმცა, ამბობს, რომ მას აიძულებდნენ კონკრეტული პატიმრები შესაწყალებელ სიაში ჩაესვა. ელისაშვილის თქმით, შეწყალების კატეგორიული მოთხოვნით მას "ისტერიული" მესიჯებიც მისდიოდა.

კომენტარები