შეწყალების კომისია

ელისაშვილი: ექსპერტიზა არც ჩატარებულა და აცხადებენ, რომ მესიჯები არ აღმოჩნდა

თეორემა/ტაბულა

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის თქმით, ის პროკურატურას არ ენდობა. 

"როგორ უნდა ვენდო პროკურატურას, რომელსაც ჩემი ხელით მივუტანე გუშინ ტელეფონი. შვიდი საათის განმავლობაში ვიჯექი და დეტალურ ჩვენებას ვაძლევდი. პროკურორმა, მე და გამომძიებელმა დავლუქეთ ჩემი ტელეფონი. დავაზუსტეთ, რომ გადაგზავნილიყო ექსპერტიზაზე და საგამოძიებო პროცედურით ჩატარებულიყო, რომ წარმოჩენილიყო ეს მესიჯები. არის მესიჯები, რომლებიც ვიზუალურად ჩანს, არის მესიჯები, რომლებიც მეხსიარებაშია შენახული... მესიჯები არ აღმოჩნდა, როცა ექსპერტიზა არ ჩატარებულა,"- აღნიშნა ელისაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში.



ელისაშვილის თქმით მესიჯები ზვიად ქორიძესაც აჩვენა, როდესაც პოსტი გადააბარაა, ასევე მესიჯები ნახა თავად პრეზიდენტმაც. ელისაშვილი მოუწოდებს მარგველაშვილს, რომ ამის შესახებ საჯაროდ განაცხადოს.

"მე ვთხოვ პრეზიდენტს, რომ გამოვიდეს და თქვას, აქ მარტო ერთ მესიჯზე კი არ არის საუბარი," - აღნიშნა ელისაშვილმა.

მისივე განმარტებით, სატელეფონო მესიჯები არის ერთი დეტალი ძალიან დიდი და ბინძური საქმის. ელისაშვილის თქმით, მას არაფრის ეშინია და უკან არ დაიხევს.

"მე არაფრის მეშინია, იმიტომ, რომ მართალი ვარ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ მე უკან დავიხევ ძალიან ცდება. ეს მესიჯებიც იქნება ნაჩვენები და ყველაფერი იქნება დადასტურებული," - განაცხადა ელისაშვილმა.

ელისაშვილმა ასევე განმარტა, რომ დღის განმავლობაში ის მედიასთან იმის გამო არ რჩებოდა, რომ მამამისმა მძიმე ოპერაცია გაიკეთა და რეანიმაციაში იწვა.

კომენტარები