შეწყალების კომისია

პროკურატურა: ელისაშვილის ტელეფონში მაღალჩინოსნების მესიჯები არ აღმოჩნდა

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

საგამოძიებო ორგანოს ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილის მიერ პროკურატურაში მოტანილ მობილურ ტელეფონში არ აღმოჩნდა იმ მაღალჩინოსნების მესიჯები, რომლებსაც ელისაშვილი ასახელებს.

"გამოძიებას წარედგინა ის მობილური ტელეფონი, რომელშიც მისი განმარტებით უნდა ყოფილიყო ცალკეული მაღალჩინოსნების მიერ გამოგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები. ელისაშვილის თანდასწრებით მოხდა ამ მობილური ტელეფონის დათვალიერება და იქ არ აღმოჩნდა მის მიერ დასახელებული მაღალჩინოსნების მიერ გამოგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები" - აღნიშნა პროკურორმა კოკა კაციტაძემ.

მისივე თქმით, ელისაშვილის თანხმობით მობილურ ტელეფონს ექსპერტიზა ჩაუტარდება.

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა გამოძიებას საკუთარი მობილური ტელეფონი 11 დეკემბერს წარუდგინა. მისი თქმით, ტელეფონში იმ მაღალჩინოსნების სმს-ებია შენახული, რომლებიც მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ. 

ე.წ. კოკაინის საქმე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 წლის წინ გახსნა. ოფიციალური ინფორმაციით, 2010 წლის 2 ივნისს, ქუთაისსა და თბილისში დააკავეს საერთაშორისო ნარკოკარტელის 5 წევრი. მათ ესპანეთში მცხოვრები ნუგზარ ბოჭორიშვილი პანამიდან, პერუდან და კოლუმბიიდან უგზავნიდა ჯართს, რომელშიც კოკაინის დიდი პარტიები იყო გადამალული. დანაშაულებრივ საქმიანობაში კრიმინალური ავტორიტეტებიც იყვნენ ჩართულნი. დაკავებულებს 30-30-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ, ნუგზარ ბოჭორიშვილს კი განაჩენი დაუსწრებლად წარუდგინეს და უვადო პატიმრობა მიუსაჯეს.

კომენტარები