ვიზალიბერალიზაცია

ვიზალიბერალიზაციაზე ევროკომისიამ დასკვნა ხვალ უნდა გამოაქვეყნოს

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებთან თანამშრომლობის საკითხს განიხილავენ. საქართველოსთან უვიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით დასკვნას ევროკომისია, სავარაუდოდ, ხვალ გამოაქვეყნებს. ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ამბობს, რომ ხსენებული ანგარიში საბოლოოა, რომლის შემდეგაც საკითხი ევროპულ საბჭოში ევროკავშირის წევრმა 28 ქვეყანამ უნდა განიხილოს. პროცედურებს, სავარაუდოდ, რამდენიმე თვე დასჭირდება.

"ხვალ გვექნება პოზიტიური ანგარიში და რეკომენდაცია საქართველოსა და უკრაინისთვის. ასევე ველი, რომ იმავე სახის ანგარიში გვექნება კოსოვოსთან მიმართებითაც. ეს იქნება საბოლოო ანგარიში, რომელიც ეხება იმას, თუ რა არის ჩვენი მიზანი. ხვალ ჩვენ წარვადგენთ მას რეკომენდაციებთან ერთად უვიზო მიმოსვლისთვის. ახლა წევრმა ქვეყნებმა უნდა იმსჯელონ. შეიძლება, ამ პროცესს რამდენიმე თვე დასჭირდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ სწორი გზით მივდივართ", - ამბობს ევროკომისარი იოჰანეს ჰანი.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იმედს გამოთქვამენ, რომ ხვალინდელი დასკვნა პოზიტიური იქნება. ისინი აღნიშნავენ, რომ საქართველოსა და უკრაინის მოსახლეობამ დაიმსახურა უვიზო მიმოსვლა შენგენის ზონაში.

"ჩვენ გვჭირდება კომისიის შეფასება, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ატმოსფერო პოზიტიურია და ვერ ვხედავ დაბრკოლებებს. არავის სურს, პროცესს ხელი შეუშალოს, პირიქით, კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს თემა საქართველოსთვისაც და უკრაინისთვისაც. თქვენ ნამდვილად იმსახურებთ წახალისებას", - სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი.

"მე მჯერა, რომ ორივე ქვეყანა იმსახურებს უვიზო მიმოსვლას ევროკავშირთან. მიღწეულია უმნიშვნელოვანესი პროგრესი მათი მხრიდან. იმედი მაქვს, ანგარიში პოზიტიური და ყველაზე ხელშესახები მიღწევა იქნება ორივე ქვეყნისთვის. ჩვენ იმავე განწყობით გავაგრძელებთ მუშაობას და, რა თქმა უნდა, ბევრი რამ არის დამოკიდებული საქართველოსა და უკრაინაზე - თუ როგორ ახორციელებენ ისინი რეფორმებს. ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საწყის ეტაპზე პროცესი ნამდვილად პოზიტიური იყო", - აცხადებს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი.

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან ასელბორნის თქმით კი, "რთულია უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ერთ დონეზე დაყენება. საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია. რა თქმა უნდა, განვიხილავთ ვიზალიბერალიზაციას, ამ კუთხით მართლაც კარგი მიმართულებით მივდივართ. რაც შეეხება მოლდოვას, უნდა დავეხმაროთ მას ვითარების სტაბილიზაციაში, ასევე მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინის პრეზიდენტს რეფორმების გატარებაში".

ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არიან განწყობილნი თბილისში. ევროინტეგრაციის მინისტრი დავით ბაქრაძე იმედოვნებს, რომ ევროკომისიის დასკვნა დადებითი იქნება. პოზიტიური მოლოდინები აქვთ დეპუტატებსაც.

17 და 18 დეკემბერს ევროსაბჭოში გაიმართება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრა, სადაც შესაძლოა, საქართველოსა და უკრაინის უვიზო მიმოსვლის საკითხიც განიხილონ.

კომენტარები